
როგორც ცნობილია, რუსეთში ფილმ „ბარბის“ ჩვენება ოფიციალურად დაშვებული არ არის. თუმცა, რა ხდება არაოფიციალურად…
„მოსკოვის სავაჭრო ცენტრში, ფუდკორტის გვერდით გიგანტური ვარდისფერი სახლია აღმართული, რომლის შიგნით ვარდისფერი ავეჯი, ვარდისფერი პოპკორნი და ბარბისა და კენის მუყაოსგან გამოჭრილი ნატურალური ზომის ფიგურები ბრწყინავს. დასავლეთის სანქციების მიუხედავად, მოპირდაპირე მულტიპლექსში ფილმის სანახავად უამრავი მაყურებელია შეკრებილი. უკრაინაში რუსული არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ჰოლივუდის რიგმა სტუდიებმა რუსეთში ფილმების გამოშვება შეწყვიტა. თუმცა მაინც არსებობს რუსულად დუბლირებული არაავტორიზებული ასლები,“ - წერს BBC-ს ჟურნალისტი სტივ როზენბერგი.
„ფილმი „ბარბი“ არ შეესაბამება ჩვენი პრეზიდენტის მიერ დასახულ მიზნებს, რომლებიც უკავშირდება რუსული ტრადიციული მორალური და სულიერი ფასეულობების შენარჩუნებასა და განმტკიცებას", - განაცხადა რუსეთის კულტურის სამინისტრომ აგვისტოში.
ერთ-ერთი კინომოყვარული კარინა კი ამბობს, რომ "ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება, აირჩიონ რისი ყურება სურთ. კარგია, რომ რუსეთის კინოთეატრებს შეუძლია ჩვენთვის ამ ფილმების ჩვენება".
"ეს სხვა ადამიანების კულტურებისადმი ღიად ყოფნას ნიშნავს. მაშინაც კი, თუ არ ეთანხმებით სხვა ადამიანების სტანდარტებს, მაინც სასიამოვნოა, თუ შეგიძლიათ ფილმის ყურება", - თქვა კიდევ ერთმა კინომოყვარულმა ალიონამ.
თუმცა რუსი დეპუტატი მარია ბუტინა თვლის, რომ „ბარბის“ განსაკუთრებული არაფერი აქვს.
„“ბარბის“, როგორც ქალის ფორმა ჩემთვის პრობლემურია. ზოგიერთი გოგონა - განსაკუთრებით მოზარდობის ასაკში - ცდილობს, „ბარბის“ დაემსგავსოს და სხეულს ისუსტებს. ფილმს რაც შეეხება, მას რუსეთის კინოთეატრებში ჩვენების ლიცენზია არ აქვს. კანონი არ უნდა დაარღვიოთ. ეს ჩვენი კინოთეატრებისთვის პრობლემაა? მე შეკითხვით მივმართე კინოთეატრებს, თუ რის საფუძველზე აჩვენებენ ფილმს", - თქვა ბუტინამ.
ჟურნალისტის კომენტარზე: „თქვენ კანონის დაცვის მნიშვნელობაზე საუბრობთ, მაგრამ რუსეთი ხომ შეიჭრა უკრაინაში! გაერომ განაცხადა, რომ ეს საერთაშორისო სამართლის სრული დარღვევა იყო,“ - ბუტინამ უპასუხა: ”რუსეთი იხსნის უკრაინას და გადაარჩენს დონბასს”.
„ამგვარი ფრაზები ხშირად ისმის. ევროპასთან და ამერიკასთან მზარდი დაპირისპირების ფონზე, რუსეთის ხელისუფლებას, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვს რუსები დასავლეთის წინააღმდეგ აამხედროს. დილიდან საღამომდე, სახელმწიფო ტელევიზია უმეორებს მაყურებელს, რომ დასავლელი ლიდერები რუსეთის განადგურებას აპირებენ. რუსი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი თანამედროვე ისტორიის სრულიად ახალი სახელმძღვანელო (სწავლებისთვის მისი გამოყენება სავალდებულოა) ამტკიცებს, რომ დასავლეთის მიზანია რუსეთის დაშლა და მისი ბუნებრივი რესურსების კონტროლი. სახელმძღვანელო რუს მე-11 კლასელებს მოუწოდებს „იბრძოლონ სამშობლოს დიდებისა და ძალაუფლებისთვის“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „თქვენს სამშობლოს (და არა „ბარბის“ სამყაროს) სჭირდებით!
მოსკოვის მულტიპლექსში ბევრი ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც მზადაა დასავლური კულტურისა და იდეების გაზიარებისთვის. რა ვითარებაა რუსეთის დედაქალაქიდან მოშორებით? ქალაქ შჩეკინოში, ადგილობრივი კულტურის ცენტრში, კონცერტი ტარდება. სცენაზე ოთხი რუსი ჯარისკაცი ელექტროგიტარაზე უკრავს და პატრიოტიზმსა და რუსეთის დაუმარცხებლობაზე მღერიან. როდესაც მედესანტე პოპვარსკვლავები პატრიოტულ რეპერტუარს ასრულებენ, მათ უკან, ეკრანზე ფილმის პროექტირება ხდება. აქ არ არიან ბარბი და კენი. კრემლში ჩანს რუსული ტანკების, ჯარისკაცების მსვლელობისა და სროლის და, ერთ მომენტში, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სურათები. პატრიოტული მოწოდებები ეფექტურია. შჩეკინოს ქუჩებში „ბარბისადმი“ მანია არ იგრძნობა.
„ზნეობის ასამაღლებლად, ამჟამად, მნიშვნელოვანია რუსული პატრიოტული ფილმების გადაღება. ამიტომ ჩვენი ცხოვრებიდან უნდა გამოვრიცხოთ დასავლური ჩვევები. როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? ფილმის საშუალებით. კინოს შეუძლია გავლენა მოახდინოს ხალხის მასაზე“, - ამბობს ერთ-ერთი კინომოყვარული ანდრეი.
"ვესტერნულ ფილმებში ბევრს საუბრობენ სექსუალურ ორიენტაციაზე, რასაც ჩვენ მხარს არ ვუჭერთ. რუსული კინო ეხება ოჯახურ ღირებულებებს, სიყვარულსა და მეგობრობას", - ამბობს ეკატერინა.
თუმცა დიანას არ სურს კინოინდუსტრიის დაყოფა რუსულ და უცხოურ ფილმებად.
„ხელოვნება ყველასთვისაა. არ აქვს მნიშვნელობა სადაური ხარ. ჩვენ არ უნდა შემოვიფარგლოთ ერთი ერის ხელოვნებით. იმისათვის, რომ გახდეთ უფრო კულტურული, კომუნიკაბელური და უფრო საინტერესო ადამიანი, უნდა უყუროთ ფილმებს და წაიკითხოთ სხვა ქვეყნების მწერლების წიგნებიც", - აღნიშნა დიანამ BBC-სთან საუბრისას.
0
0