
პარტია "გირჩის" ლიდერის, სანდრო რაქვიაშვილისთვის, ოპოზიციის ნაწილის რევოლუციისთვის სამზადისი, მსოფლიო კურიოზებში შესატანი "კლოუნადაა".
როგორც სანდრო რაქვიაშვილმა "რადიო სივრცეში" განაცხადა, რევოლუციის თემა გამოგონილია - რევოლუციის მთავარი დამახასიათებელია იდეა, რისთვისაც ხალხი უნდა აჯანყდეს და რისი ნიშნებიც არ ჩანს.
მისი თქმით, არ შეიძლება თქვა რომ აწყობ რევოლუციას და რევოლუცია მოხდეს. რეალურად კი, რაქვიაშვილის აზრით, "რევოლუცია, რევოლუციას" ძახილით მიმდინარეობს კლოუნადა, როგორც პარტიებში, ისე მედიაში.
სანდრო რაქვიაშვილმა ამ კონტექსტში პაატა ბურჭულაძის განცხადება გაიხსენა, სადაც მან თბილისის მერიას დინამოს სტადიონის დაქირავებისთვის თანხის გამოყოფა მოსთხოვა.
"ჩეგევარას რომ გაეგო ვიღაცა რევოლუციას აწყობს მთავრობის წინააღმდეგ და მთავრობას სთხოვს ფულს და თან წინასწარ ეუბნება თარიღს, ხომ იქნებოდა სასაცილო? ეს ამბავი სადმე რომ მოჰყვე, მსოფლიო კურიოზებში შევიდოდა“ - ამბობს პარტია "გირჩის" ლიდერი და აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების მთავარი დასაყრდენი, სწორედ ეს და ასეთი ოპოზიციაა.
0
0