
პოლიტიკური თამაშის ნაწილად მიიჩნევს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი სანდრო რაქვიაშვილი ოპოზიციის ლიდერებისთვის წაყენებულ ახალ ბრალდებებს და მათ აბსურდულს უწოდებს.
როგორც "რადიო სივრცეში" სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, ადამიანებს ედავებიან თითქმის სიტყვის თავისუფლებას - მაგალითად მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ ციხიდან დაწერილი წერილის გამო, ზოგს ტყუილების ლაპარაკისთვის და ან ხელისუფლების დასანქცირების მოთხოვნისთვის ასამართლებენ, რაც მათი გაცხადებული პოლიტიკა იყო და ამისთვის სასჯელი ციხე არ უნდა იყოს.
რაც შეეხება ოპოზიციის ოფისებში ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთებს თუ ნავთობტანკერებზე გაკეთებული განცხადებებს, რაქვიაშვილის თქმით, ეს საკმაოდ ძველი ისტორიებია და საინტერესოა რატომ გახდა ახლა აქტუალური და რატომ წაუყენეს ყველა ბრალდება ერთად ყველა პოლიტიკოსს.
ცრუ ინფორმაციების მიწოდების ნაწილში კი რაქვიაშვილი ამბობს, რომ ზოგადად, ტყუილების ლაპარაკისთვის პოლიტიკოსის სასჯელი შეიძლება იყოს გარიყვა, არ დალაპარაკება, ამომრჩევლის მიერ ხმის არ მიცემა და არა ციხე.
"გახარია არ ამბობდა ამ ხელისუფლებაზე დასაანქცირეთო? მაგრამ ის აქაც გამოტოვეს, როგორც სარჩელში" - განაცხადა რაქვიაშვილმა და აღნიშნა, რომ პროკურატურის დღევანდელი ბრალდებები პოლიტიკური თამაშის ნაწილია, რომლის მიზანი შეიძლება ახალი პოლიტიკური მოთამაშეების შექმნის მცდელობა იმ ამომრჩევლის გასაკონტროლებლად, რუსთაველზე რომ დადის.
0
0