
პრემიერმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში 2012 წლამდე დევნილთა საკითხების მიმართულებით.
„დევნილთა საკითხთა თაობაზე მე მქონდა საუბარი მინისტრ აზარაშვილთან. მისი დავალებით, გუშინ სააგენტომ გაავრცელა უკვე განცხადება. მანამდე მე მინდა, მოსახლეობას შევახსენო, თუ რა მდგომარეობა დაგვხვდა 2012 წლამდე, რა ვითარება იყო ამ მიმართულებით. 2012 წლამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების საკითხი ქაოსურად მიმდინარეობდა, განსახლების ძირითადი მიმართულება იყო დევნილთა მხრიდან ე.წ. „მოკავებული“ ფართების დაკანონება და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტების რეაბილიტაცია. არ არსებობდა ერთიანი სტანდარტი, რის მიხედვითაც რეგულირდებოდა განსახლების პოლიტიკა, განსახლების საკითხის განხილვისას არსებითი ყურადღება არ იყო გამახვილებული ოჯახის წევრთა რაოდენობაზე, იყო შემთხვევები, რომ ოჯახს, თუნდაც მათი ნების საწინააღმდეგოდ 9-10 კვ.მ. ფართი უკანონდებოდა, ასევე, არ იყო შემუშავებული მეთოდოლოგია, რის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო განსახლების საჭიროების მქონე დევნილი ოჯახის შერჩევა და ასევე, 2012 წლამდე, განსახლების პროექტები ხორციელდებოდა უშუალოდ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ფინანსური ცვლის გამოყენებით და ბიუჯეტი იყო საკმაოდ მწირი.
2012 წლის შემდეგ, ეტაპობრივად, ამოქმედდა განსახლების სხვადასხვა პროგრამები, ალტერნატივები. მე მინდა ეს ჩამოვთვალო და კიდევ ერთხელ შევახსენო მოსახლეობას: ახალაშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების შესყიდვა, დავიწყეთ ინტენსიურად და აქტიურად 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან; ე.წ. სოფლად სახლის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დევნილი ოჯახი თავად არჩევს და წარმოადგენს სააგენტოში შესასყიდ სახლს; დავიწყეთ მასშტაბური მშენებლობები იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის მიზნით; დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, 27 000 დევნილი ოჯახი ახალაშენებულ კორპუსებში მდებარე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა. განხორციელდა მასშტაბური პროექტები,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
0
0