
9 სექტემბერს, სამხრეთ კორეამ საერთაშორისო სამიტი მოიწვია, რომელიც მიზნად ისახავს სამხედრო სფეროში ხელოვნური ინტელექტის საპასუხისმგებლო გამოყენების შესახებ გეგმის შემუშავებას. ორდღიან სამიტს 90-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის, მთავრობის წარმომადგენელი დაესწრო.
„ბოლო დროს, რუსეთ-უკრაინის ომში, ხელოვნური ინტელექტის მქონე უკრაინული დრონი საჰაერო თავდაცვითი სისტემის „დავითის შურდულის“ მსგავსად ფუნქციონირებდა. რადგანაც სამხედრო სფეროში ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება, სამხედროების ოპერატიული შესაძლებლობები მკვეთრად გაუმჯობესებულია. თუმცა ის ორლესულ მახვილს ჰგავს, რადგან ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, საზიანოა“, - თქვა სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა კიმ იონგ-ჰიუნმა.
სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩო ტაე-იულმა თქვა, რომ დისკუსიები ისეთ სფეროებს შეეხება, როგორიცაა სამართლებრივი მიმოხილვა, რათა უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისო კანონმდებლობასთან და მექანიზმებთან შესაბამისობა და ავტომატური იარაღის სათანადო ზედამხედველობის გარეშე გამოყენების თავიდან აცილება.
სეულის სამიტის მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ შემუშავდება სამოქმედო გეგმა, რომელიც სამხედრო სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მინიმალურ დონეს განსაზღვრავს და მისი პასუხისმგებლობით გამოყენების შესახებ ნატოს, აშშ-ის ან რიგი სხვა ქვეყნების მიერ დადგენილ პრინციპებს ასახავს.
0
0