28/09/2021
17:55
მსოფლიო
„სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯეინმა მოსახლეობას წინადადებით მიმართა, რომ ძაღლის ხორცის ჭამის აკრძალვაზე იფიქრონ, ანუ კვების რაციონიდან იმ ტრადიციული დელიკატესის ამოღებაზე, რომელიც ბოლო დროს თავის ოდესღაც არსებულ პოპულარობას ისედაც კარგავს. ამასთან, იმის მიუხედავად, რომ ძაღლის ხორცს კორეელი ახალგაზრდები უკვე აღარ მიირთმევენ, ქვეყნის ტერიტორიაზე ამ დელიკატესს მაინც ჰყავს თავისი გურმანები და შესაბამისად, ყოველწლიურად მილიონობით ძაღლი იკვლება ხორცის წარმოების მიზნით.
„მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეის პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს შეხვდა (მუნ ჯეინი ცნობილია იმით, რომ მას ძაღლები ძალიან უყვარს) და ადამიანის ოთხფეხა მეგობრების დაცვის პროგრამა გააცნო, რაც მაწანწალა ძაღლების სავალდებულო რეგისტრაციასაც გულისხმობს, პრეზიდენტმა წინადადება წამოაყენა „აწონილ-დაწონილად იფიქრონ ძაღლის ხორცის ჭამის აკრძალვაზე“, - განაცხადა ჟურნალისტებთან სამხრეთ კორეელი ლიდერის პრეს-მდივანმა. „იქნებ მოვიდა დრო, რომ გონივრული თვალსაზრისით ვიფიქროთ ჩვენი კვების რაციონიდან ძაღლის ხორცის ამოღებაზე?“, - იმეორებს პრეზიდენტის სიტყვებს გაზეთი Korean Tribune და პრეს-მდივნის განცხადებას ციტირებას ახდენს.
კაცმა რომ თქვას, დღეისათვის ძაღლის ხორცი საშუალოსტატიკური კორეელის კვების რაციონში იშვიათად თუ შედის, მაგრამ ადამიანის ოთხფეხა მეგობრის ხორცი და მისგან დამზადებული საჭმელები დიდი მოწონება-პოპულარობით სარგებლობს ხანში შესულ, მოხუც კორეელებს შორის, რომლებიც მას ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტად მიიჩნევენ. გარდა ამისა, ძაღლის ხორცს ფართოდ სარგებლობენ კორეული ტრადიციული რესტორნებიც, ამ პროდუქტის შეძენა შეიძლება სპეციალიზებულ ბაზრებზეც.
დღემდე სამხრეთ კორეის ხელისუფლებას არასოდეს დაუყენებია საკითხი ძაღლის ხორცის გამოყენების სრულ აკრძალვაზე, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების კვალობაზე, რომელიც 2022 წლის მარტში უნდა გაიმართოს, ბევრი პოლიტიკოსი, მათ შორის სახელმწიფოს მოქმედი მეთაურიც, ცდილობს საკუთარი პოპულარობა ცხოველებზე ზრუნვის ხარჯზე აიმაღლოს. თუმცა ობიექტურად თუ ვიტყვით, მუნ ჯეინი ადრეც ძაღლების მოყვარულად იყო ცნობილი - მას რამდენიმე ცუგა ჰყავს, მათ შორის ეზოს ძაღლიც, რომელიც ადრე მაწანწალობდა და იგი პატრონმა უკვე პრეზიდენტად არჩევის შემდეგ შეიფარა.
ძაღლები სამხრეთ კორეაში ბოლო დროს მართლაც ბევრ მცხოვრებს ჰყავს, მაგრამ საჭმელად კი არ უნდათ, არამედ მათზე ზრუნავენ. სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ ცხოველთა უფლებების დამცველთა ზეწოლით დაიხურა რამდენიმე მსხვილი ბაზარი და ძაღლების მოშენების ფერმა, სადაც ძაღლებს დასაკლავად ზრდიდნენ და შემდეგ ჰყიდდნენ.
თუმცა სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცის დამამზადებელი მაინც ბევრი ფერმა მუშაობს: ამერიკული ორგანიზაციის Humane Society International-ის მონაცემებით, დღეისათვის ფერმებში 2,5 მილიონი ძაღლი ჰყავთ, რომელთაგან დაახლოებით მილიონს საჭმელში გამოსაყენებლად კლავენ, დანარჩენებს კი გასამრავლებლად იყენებენ.
რას ფიქრობენ ამ საკითხზე თვითონ კორეელები?
გამოკითხვის თანახმად, რომელიც მიმდინარე სექტემბრის თვის დასაწყისში ჩატარდა ცხოველტა დამცველების ჯგუფის Aware-ს წევრების დაკვეთით, რესპოდენტთა 78%-მა განაცხადა, რომ ქვეყანაში ძაღლებისა და კატების ხორცის წარმოება და გაყიდვა უნდა აიკრძალოს, 49%-მა კი მხარი დაუჭირა ხორცის კვების მიზნით გამოყენებას. მაგრამ სხვა გამოკითხვით, რომელიც კვლევითმა ორგანიზაციამ Realmeter-მა ჩაატარა, გაირკვა, რომ საზოგადოებაში ძაღლის ხორციით კვების საკითხის მიმართ ჯერ-ჯერობით კონსენსუსი არ არის: 41% თვლის, რომ ეს ყოველი კორეელისათვის პირადი საკითხია, ხოლო 59%-მა მხარი დაუჭირა ძაღების დაკვლისა და მათი ხორცის კვების მიზნით გამოყენების აკრძალვას, საკანონმდებლო დონეზე.
მსგავსი სახით დაიყო პრეზიდენტობის კანდიდატთა თვალსაზრისებიც: ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონის - კიონგიდოს გუბერნატორმა ლი ჯემენმა (იგი ამჟამინდელი პრეზიდენტის პარტიის წევრია) განაცხადა, რომ შეეცდება ძაღლის ხორცის გამოყენების აკრძალვას (საზოგადოებასთან შეთანხმების საფუძველზე), ხოლო მისმა კონკურენტმა, ოპოზიციის ლიდერმა იუნ სოკიოლმა აღნიშნა, რომ „ძაღლის ხორცის ჭამა თუ მასზე უარის თქმა თითოეული მოქალაქის პირადი საქმეა“.
თავის მხრივ, „ბი-ბი-სი“-ს კორეულმა სამსახურმა ჰკითხა რამდენიმე კორეელს, თუ რას ფიქრობენ ისინი ძაღლის ხორცის ჭამის ტრადიციაზე. აი, რას ამბობენ ისინი:
„ახალგაზრდა თაობა თვლის, რომ ძაღლები მხოლოდ შინაური ცხოველები არიან და მათი ხორცი საჭმელად არ უნდა გამოიყენებოდეს, მაგრამ კორეელები ძაღლებს უხსოვარი დროიდან კვების მიზნით ზრდიდნენ და იყენებდნენ. - ისევე როგორც, ვთქვათ, ბოცვრებს. ეს ჩვენი კულტურის ნაწილი იყო. ბევრი მოხუცი კორეელი ჩვენი საზოგადოების წევრია და მათ სურვილს ძაღლის ხორცის ჭამის თაობაზე პატივი უნდა ვცეთ“, - აღნიშნავს ერთ-ერთი ჩვენი მოსაუბრე.
„დღეს ის ადამიანები, რომლებიც ძაღლის ხორცის აკრალვის მოწოდებით გამოდიან, ჩემი აზრით, ამას დასავლეთის გავლენით აკეთებენ. მოხუც კორეელებს სწყინთ, რომ ახალგაზრდები მათ ბარბაროსებად მიიჩნევენ. საერთოდ, არავის არ უყვარს ის ადამიანი, რომელიც მეორეს რაღაც ტრადიციულ წესს უკრძალავს“, - ამბობს კიდევ ერთი კორეელი.
„პროტეინის შემცველი ხორცის უამრავი სახეობა არსებობს - ქათმისა და იხვის ხორცი, საქონლის ხორცი, ღორის ხორცი... არჩევანი ძალიან დიდია. მაშ რატომ უნდა ჭამონ კორეელებმა ძაღლის ხორცი და რატომ უნდა ჩათვალონ მისი აკრძალვა მიუღებლად? - უკვირს მესამე მოსაუბრეს.
ცხოველთა დამცველების პროტესტს იწვევს არამარტო ძაღლების დაკვლა, არამედ ის მეთოდებიც, რომლებსაც „ოთხფეხა მეგობრების“ დასაკლავად აზიის სხვა ქვეყნებში იყენებენ. სამხრეთ კორეაში დღეს ძაღლებს ელექტროდენით კლავენ, სხვა სახელმწიფოებში კი, იქაური ხალხის ტრადიციის შესაბამისად, უფრო ულმობელი წესებით სარგებლობენ - ძაღლებს ცემით კლავენ, თოკით ახრჩობენ ან ზოგჯერ ცოცხლად ხარშავენ.
მთლიანობაში, როგორც Humane Society International-ის წევრები თვლიან, აზიაში (მათ შორის ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ინდონეზიასა და ვიეტბამში) ყოველწლიურად ადამიანის კვებისათვის დაახლოებით 30 მილიონი ძაღლი და 10 მილიონი კატა იკვლება. ამასტან, ზაღლის ხორცის მოხმარება აკრძალულია ჰონკონგში, ტაილანდში, ფილიპინებსა და ტაივანზე. როგორც ჩანს, ძაღლის ხორცის ჭამა მალე აიკრძალება ინდონეზიაშიც.
0
0