26/02/2024
11:20
მსოფლიო
სამხრეთ კორეის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში რუსების რეკორდული რაოდენობა ითხოვს თავშესაფარს. თავშესაფრის მაძიებლების მიერ 2023 წელს წარდგენილი მოთხოვნების რაოდენობა ხუთჯერ გაიზარდა. კორეის საიმიგრაციო სამსახურის მიერ თებერვლის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2023 წელს, სამხრეთ კორეაში რუსეთის 5750-მა მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი. ეს მაჩვენებელი ხუთჯერ აღემატება 2022 წლის მონაცემებს (1,038) და რუსებისგან თავშესაფრის მოთხოვნის იმ საერთო რაოდენობაზე მეტია, რომელიც 1994-დან 2019 წლამდე დაფიქსირდა.
საიმიგრაციო სამსახურის ცნობით, რუსების შემდეგ, თავშესაფრის მაძიებელთა ყველაზე დიდი ჯგუფი სამხრეთ კორეაში ყაზახეთიდან, ჩინეთიდან და მალაიზიიდან შევიდა. ეს ტენდენცია წელსაც გაგრძელდა - იანვარში თავშესაფრის მსურველთა ყველაზე დიდ ჯგუფს რუსები შეადგენენ. როგორც CNN-ი წერს, თავშესაფრის მაძიებლების მიერ დასახელებული ყველაზე გავრცელებული მიზეზები რელიგიურ და პოლიტიკურ საფუძველზე დევნა, ასევე კონკრეტული სოციალური ჯგუფის წევრობის, რასის ან ეროვნების გამო დისკრიმინაციაა. საიმიგრაციო სამსახური რუსი თავშესაფრის მაძიებლების მიზეზებს არ აკონკრეტებს.
როგორც ცნობილია, სამხრეთ კორეაში საკმაოდ მკაცრი საიმიგრაციო კანონები (თავშესაფრის მოთხოვნის ჩათვლით) მოქმედებს. 2022 წელს, დედაქალაქ სეულის მახლობლად მდებარე ინჩეონის საერთაშორისო აეროპორტში 5 რუსი მამაკაცი იყო ჩაკეტილი, როდესაც ისინი მოსკოვის სამხედრო მობილიზაციის ბრძანებისგან თავის არიდებას ცდილობდნენ. სამხრეთ კორეის იუსტიციის სამინისტრომ ლტოლვილის სტატუსის მისაღებად მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ასევე, აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის თებერვლამდე, 22,000-მდე რუსი ცდილობდა შეერთებულ შტატებში შესვლას ქვეყნის სამხრეთ საზღვრის გავლით.
0
0