07/11/2023
12:23
მსოფლიო
სამხრეთ კორეის ხელისუფლება ბაღლინჯოების გავრცელებას ებრძვის. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, 5 ნოემბრის მდგომარეობით, დედაქალაქ სეულში, ქალაქ ბუსანსა და ინჩეონში ეპიდემიის 17 აფეთქება დაფიქსირდა.
სეულმა, ეპიდემიის შეჩერების მიზნით, 500 მილიონი ვონი (383,000 აშშ დოლარი) გამოყო და ბაღლინჯოების მზარდი გავრცელების საპასუხოდ, საგანგებო ჯგუფი შექმნა.
სამხრეთ კორეამდე, ბაღლინჯოები საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთშიც დაფიქსირდა. სამხრეთ კორეაში ბაღლინჯოების ინვაზიები, სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ დეგუს უნივერსიტეტში, ასევე ტურისტულ საცხოვრებლებსა და საზოგადოებრივ საუნაში, ჯერ კიდევ სექტემბერში, გამოჩნდა.
ბაღლინჯოებისადმი შიშის გამო, ზოგიერთი სამხრეთ კორეელი თავს არიდებს კინოთეატრებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს.
სეულის მეტროპოლიტენის მთავრობა 3,200-მდე საჯარო ობიექტის, მათ შორის სასტუმროებისა და აბანოების, შემოწმებას გეგმავს, რათა შეაფასოს მათი სანიტარული პირობები. მთავრობის წარმომადგენლები ასევე შეხვდებიან კერძო ექსპერტებს და ბაღლინჯოების გავრცელების პრევენციისთვის საუკეთესო პრაქტიკას განიხილავენ.
როგორც სამხრეთ კორეის ეროვნული გაზეთი JoongAng Daily-ი წერს, პესტიციდების გარკვეული ტიპების გამოყენებასთან დაკავშირებით, ხელისუფლების ბოლოდროინდელმა რეკომენდაციებმა კამათი გამოიწვია, რადგან, როგორც კვლევებით დადგინდა, ისინი არაეფექტური აღმოჩნდა.
1960-იან წლებში, სამხრეთ კორეამ, ქვეყნის მასშტაბით, ბაღლინჯოების განადგურების კამპანია აწარმოა. მიუხედავად იმისა, რომ ბაღლინჯოები არ ავრცელებენ დაავადებას, მათმა ნაკბენმა შეიძლება ძლიერი ქავილი გამოიწვიოს. უფრთო მავნებლები, რომლებიც ხშირად გროვდება საწოლებთან ან ნაპრალებში, ემოციურ სტრესსაც იწვევს.
0
0