07/08/2023
15:35
მსოფლიო
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინფორმაციით, სამხრეთ აზიაში თითქმის ნახევარი მილიარდი ბავშვი ჰაერის უკიდურესად მაღალი ტემპერატურის მიმართ დაუცველია, რადგან კლიმატური კრიზისით გამოწვეული სიცოცხლისთვის სახიფათო სიცხის ტალღები უფრო ძლიერი და ხშირი ხდება. UNICEF-ის განცხადებით, 2020 წლის მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ დაახლოებით 460 მილიონი სამხრეთ აზიელი ბავშვი ექსტრემალურ სიცხეს განიცდის, მაგალითად, ავღანეთში, ინდოეთსა და პაკისტანში, სადაც წელიწადში 83 ან მეტი დღე 35 გრადუს ცელსიუსს აღემატებოდა.
კვლევის მიხედვით, სამხრეთ აზიაში ბავშვების 76% [გლობალურ დონეზე 32%-თან შედარებით] ჰაერის ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურის პირობებში იმყოფება.
„ამ რეგიონის ქვეყნები მსოფლიოში ყველაზე ცხელი არ არის, მაგრამ აქ სიცხის გამო მილიონობით ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულნი ვართ ჩვილების, ბავშვებისა და ორსული ქალების არასრულფასოვანი კვების გამო, რადგან ისინი ყველაზე დაუცველნი არიან სითბური ინსულტის მიმართ“, - თქვა UNICEF-ის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ აზიაში სანჯაი ვიჯესკერამ.
ივნისში, ინდოეთის ზოგიერთ რაიონში ტემპერატურამ 47 გრადუს ცელსიუსამდე მოიმატა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 44 ადამიანი დაიღუპა და ასობით დასნეულდა სიცხესთან დაკავშირებული დაავადებებით. პაკისტანის ზოგიერთ ქალაქში ასევე იმავე თვეში ანალოგიურად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა, რაც განსაკუთრებით სახიფათოა მუშებისთვის, რომლებიც საათობით ღია ცის ქვეშ მუშაობენ, და ღარიბი მოსახლეობისთვის, რომელსაც მცირე დოზით ან საერთოდ არ აქვს გაგრილების საშუალება.
„სიტუაცია უფრო გამწვავებული ბავშვებისთვის იმიტომ არის, რომ ისინი ვერ ახერხებენ ტემპერატურის ასეთ ცვლილებასთან სწრაფად ადაპტირებას. რისკები შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს – იგულისხმება ფიზიკური და გონებრივი სისუსტე, ნევროლოგიური დისფუნქციობა, კრუნჩხვა და გულ-სისხლძარღვთა დაავადება. ფეხმძიმე ქალებმა შეიძლება განიცადონ ნაადრევი მშობიარობა და მკვდრადშობადობა,“ - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდმა.
ექსპერტები ამბობენ, რომ კლიმატის კრიზისი მომავალში კიდევ უფრო ხშირ და ხანგრძლივ სიცხის ტალღებს გამოიწვევს, რაც რეგიონის ადაპტაციის უნარსაც გამოავლენს. მათივე პროგნოზით, განსაკუთრებით მწვავე სიტუაცია ავღანეთშია, სადაც რეკორდულად მაღალ სიცხის პოტენციალს მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემები ემატება. ამავდროულად, ექსტრემალურმა ამინდმა სასიკვდილო გავლენა მოახდინა რეგიონის სხვა ნაწილებზე.
რეკორდული მუსონური წვიმებისა და მყინვარების დნობის შედეგად პაკისტანში წყალდიდობამ გასულ წელს ქვეყნის ტერიტორიის მესამედი გაანადგურა, დაიღუპა თითქმის 1600 ადამიანი, მათგან მესამედზე მეტი ბავშვი იყო.
0
0