17/02/2023
14:19
მსოფლიო
როგორც ცნობილია, დღეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა რუსეთთან და ჩინეთთან ერთობლივ სამხედრო-საზღვაო წვრთნებს იწყებს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა აღნიშნულ გადაწყვეტილებას „ჩვეულებრივს, რუტინულს“ უწოდებს, თუმცა ამ ნაბიჯმა კრიტიკა გამოიწვია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ - რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით. არადა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ მანამდე განაცხადა, რომ კიევ-მოსკოვის ომის მიმართ ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებდა.
10-დღიანი სამხედრო-საზღვაო წვრთნები უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის წლისთავამდე ერთი კვირით ადრე ტარდება და ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს სარისკო სტრატეგიაა. "ეს წვრთნები მეხამრიდივით იქნება", - აღნიშნა სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ექსპერტმა, სტივენ გრუზდმა.
სამხრეთ აფრიკაში მოღვაწე ნატოსა და ევროკავშირის ექვსმა დიპლომატმა პირადად დაგმეს წვრთნების ჩატარების გეგმა. ”ეს არ არის სწორი ნაბიჯი, ჩვენ მათ ვუთხარით, რომ არ ვიწონებთ ამ იდეას”, - თქვა ერთ-ერთმა დიპლომატმა.
„რუსეთის და, უფრო მცირე ხარისხით, ჩინეთის, როგორც ანტიკოლონიალური მოკავშირის, პოზა კვლავ რეზონანსულია აფრიკის დიდი ნაწილისთვის, მაშინაც კი, თუ სხვები ახლა მას უძველეს ისტორიად მიიჩნევენ“, - თქვა კობუს ვან სტადენმა, რომელიც „ჩინეთის გლობალური სამხრეთის პროექტზე“ მუშაობს.
სამხრეთ აფრიკამ მსგავსი წვრთნები საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის საფრანგეთთან ერთად, ნოემბერშიც ჩაატარა. „სამხრეთ აფრიკას, ისევე როგორც ნებისმიერ დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს, აქვს უფლება, რომ წარმართოს საგარეო ურთიერთობები საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა სამხრეთ აფრიკის თავდაცვის სამინისტრომ გასულ თვეში.
ინფორმაციისთვის:
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მმართველ პარტიას - ეროვნულ კონგრესს დიდი ხნის კავშირები აქვს რუსეთთან, რომელიც მხარს უჭერდა მის ბრძოლას რასისტული აპარტეიდის რეჟიმის წინააღმდეგ. ახლა, როდესაც რუსეთი და ჩინეთი ახალი საერთაშორისო კოალიციების შექმნას ცდილობენ, როგორც ჩანს, ეს საკითხი ზოგიერთი აფრიკული ერის, მათ შორის სამხრეთ აფრიკელი ხალხის მხრიდანაც პოზიტიურად განიხილება.
0
0