
“სამწუხაროდ, უკრაინული მხრიდან არ წყდება პროვოკაციები, მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ასეთი პროვოკაციებისგან”, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვას, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით დაუსვეს.
კობახიძეს ჰკითხეს: „ვრცელდება ვიდეომიმართვა, სადაც საქართველოში მცხოვრები რუსი ეროვნების მოქალაქეები მიმართავენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და ამბობენ, რომ საქართველოში თუ ქართული მაიდანი გაიმართება, მათ აქ არ დაედგომებათ და მოითხოვენ სამშვიდობო ძალების შემოყვანას. არის თუ არა ეს პროვოკაცია და როგორ შეაფასებთ?“ რაზეც კობახიძემ განაცხადა: „სამწუხაროდ, უკრაინული მხრიდან არ წყდება პროვოკაციები“.
„ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა ჩვენთვის. ჩვენ სრულად თანავუგრძნობთ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ომის მდგომარეობაშია ეს ქვეყანა, ჩვენი მეგობარი ხალხი. როდესაც ასეთ დროს ვაწყდებით ასეთ პროვოკაციებს, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად მძიმეა. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ასეთი პროვოკაციებისგან. ეს იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0