
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სამტრედიაში კახა კალაძის სახელობის საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა.
თბილისის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, სამტრედიის საფეხბურთო ცენტრში ორი სტანდარტული ზომის ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო განათებით, ორას მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნით. ამასთან, აშენდა ადმინისტრაციული შენობა გასახდელებითა და ადმინისტრაციული ოთახებით.
„პროექტი ფიფას პროგრამა FORWARD-ის უეფას პროგრამა Hat Trick-ისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით ხორციელდება. ინფრასტრუქტურის მოვლა პატრონობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს. აღნიშნული ინფრასტრუქტურით სარგებლობას ადგილობრივი ბავშვთა საფეხბურთო სკოლები და გოგონათა გუნდები სრულიად უფასოდ შეძლებენ.
სამტრედიის გარდა, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე განხორციელდა ფოთში და თბილისის ხუთ უბანში, მათ შორის, ვარკეთილში, გლდანში, დიდ დიღომში, ვაკეში და ნუცუბიძის პლატოზე, ამჟამად კი მიმდინარეობს ახალი საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა დიღმის მასივში“, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0