
გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს ინფორმაციას, თუ ვინ და როგორ შეიმუშავა აშშ-ის „სამშვიდობო გეგმა“ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად.
გამოცემის ცნობით, ოქტომბრის თვეში დონალდ ტრამპმა უსაფრთხოების გუნდს უბრძანა, შეემუშავებინათ ისეთ გეგმა, როგორც ეს ღაზის შემთხვევაში იყო.
წყაროები ჰყვებიან, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების გაფორმების შემდეგ 28-პუნქტიანი გეგმის წერა სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა დაიწყეს. პროექტის შემუშავებისას უიტკოფი და კუშნერი კრემლში მომუშავე წყაროების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობოდნენ და მაიამიში საიდუმლო შეხვედრებს მართავდნენ.
„უოლ სთრით ჯორნალი“ წერს, რომ გეგმის რუსულ ნაწილზე რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი მუშაობდა, რომელსაც კუშნერთან დიდი ხნის ურთიერთობა აქვს. გამოცემის წყაროების ცნობით, დმიტრიევი მაიამიში ჰელოუინის წინა შაბათ-კვირას ჩაიყვანეს, სადაც უიტკოფის სახლში სამი დღით ინტენსიური ვახშმისა და ხანგრძლივი საუბრების გამართვა იგეგმებოდა. მედიის ცნობით, უიტკოფმა, აშშ-სა და უცხოელ მაღალჩინოსნებთან საუბრებისა და დაზვერვის შეფასებების წაკითხვის შედეგად, დაასკვნა, რომ უკრაინა უფრო სუსტ სამხედრო პოზიციაში იმყოფებოდა.
დმიტრიევთან შეხვედრის შემდეგ უიტკოფმა და კუშნერმა გეგმის საჩვენებლად მაიამიში უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე რუსტემ უმეროვი მიიწვიეს. უმეროვმა მტკიცედ განუცხადა მათ, რომ შეთანხმება რუსეთის სასარგებლოდ უფრო იყო, ვიდრე უკრაინის. უმეროვმა კუშნერსა დ უიტკოფს უკრაინის პრეზიდენტთან დარეკვა და ინფორმაციის მიწოდება ურჩია.
სატელეფონო საუბარი მხარეებს შორის 16 ნოემბერს შედგა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მათ და დონალდ ტრამპს ძალისხმევისთვის და განუცხადა, რომ დაუბრუნდებოდა ამ საკითხს და საკუთარ მოსაზრებას გაუზიარებდა. გამოცემის ცნობით, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გეგმაზე კიდევ იყო სამუშაო.
წყაროს ცნობით, სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გეგმის ასლი 18 ნოემბერს მიიღო. რუბიომ უიტკოფისა და კუშნერის ინიციატივის შესახებ იცოდა, თუმცა იმ დროს მას არ ჰქონდა ინფორმაცია, თუ რა მოამზადა ამერიკულმა მხარემ. „უოლ სთრით ჯორნალი“ აღნიშნავს, რომ ამ გეგმის დეტალების გამჟღავნების შემდეგ, თეთრი სახლი ცალმხრივი პირობების გამო მოულოდნელ კრიზისს წააწყდა. წყაროების ცნობით, რუბიოს განრისხებული ევროპელი მაღალჩინოსნები და ამერიკელი კანონმდებლები ურეკავდნენ.
0
0