31/07/2023
14:17
პოლიტიკა
თბილისის მერმა კახა კალაძემ ბათუმში საკრუიზო ლაინერის, "ასტორია გრანდეს" შემოსვლასთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებს "ფარისევლობა" უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხომალდისგან დასაცავი არაფერი აქვს.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ადამიანები, რომლებიც დღეს აქციებს მართავენ, 2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე დღეში რუს ტურისტებს სიხარულით ეგებებოდნენ.
"სამშობლოს დღეს რა აქვს დასაცავი იმ კონკრეტული ხომალდისგან, რომელიც ბათუმში შემოვიდა? რუსეთის მოქალაქეებს ჩვეულებრივად შეუძლიათ შემოსვლა ტურისტული მიზნით. იცით, რომ ხმელეთით წლების განმავლობაში შესაძლებელი იყო შემოსვლა, არსებობდა პირდაპირი ფრენები, ასევე შესაძლებელია ხომალდით შემოვიდნენ და რამდენიმე საათი დაჰყონ საქართველოში, დახარჯონ თანხები, საერთოდ ვერ ვხედავ ამაში პრობლემას. ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ფარისევლობა იმიტომ, რომ გვახსოვს წლების წინ, მაშინ, როდესაც 2008 წლის ომი იყო და ყველამ ვიცით, რამხელა უბედურება ტრიალებდა ჩვენს ქვეყანაში, მესამე, მეოთხე დღეს ის ადამიანები, ვინც დღეს რუსი ტურისტების შემოსვლას აპროტესტებს, წერილებს აგზავნიდნენ რუსეთის ფედერაციაში, რომ სახალხო ურთიერთობები დაეწყოთ, კონცერტები გაემართათ. გვახსოვს მათი ბელადი პრეზიდენტი ყვავილებით, ია-ვარდებით ხელში ხვდებოდა რუს ტურისტებს და მიესალმებოდა. მაშინ არ მახსოვს კითხვა დაესვა სააკაშვილს რომელიმე მათგანისთვის, აფხაზეთი საქართველოა თუ არაო, თქვენ გახსოვთ ასეთი რამ? არ გახსოვთ იმიტომ, რომ ასეთი რამ არ არსებობს. ასევე, ჩვენ გვახსოვს ადამიანების ვიდეოკადრები, რომლებიც დღეს რუსი ტურისტების შემოსვლას აპროტესტებენ, მაგრამ ადრე პირდაპირ მიესალმებოდნენ რუსი ტურისტების შემოსვლას", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტის ტრიბუნიდან მოუწოდებდა საზოგადოებას, "ფულს სუნი არ ასდისო".
"ალბათ, ისიც არ გახსოვთ, რომ ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებზე გაასხვისეს. დღეს რუსი ტურისტების შემოსვლას ის ადამიანები აპროტესტებენ, ვისზეც ვისაუბრე. აქ არიან მარტივი რამ - ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ იცოდეს, მაშინ ამ კონკრეტულ ადამიანებს, ვინც პროტესტს არ გამოხატავდა და პირიქით მიესალმებოდა, მათი პატრონები ეუბნებოდნენ, რომ რუსეთთან ურთიერთობები უნდა დაეთბოთ და ეს პოლიტიკა უნდა გაეტარებინათ. დღეს მათი პატრონები ეუბნებიან, რომ გაბრაზებული უნდა იყვნენ და ეს არის სამწუხარო და საუბედურო რეალობა. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა და გააკეთებს, რომ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის ინტერესები იყოს პირველ რიგში დაცული. ვისაც ბატონები უნდა, ეს მათი უფლება და ნებაა, რომ ჰყავდეთ და მოიაზრონ ბატონებად. რაც შეეხება ტურისტების შემოსვლას, ამას თუ ვინმე აპროტესტებს, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არის დაცული და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი შეხედულება კანონის ფარგლებში. თუკი კანონის ფარგლებს ვინმე გადასცდება, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება", - განაცხადა კალაძემ.
0
0