
იტალიის ქალაქ ნეაპოლის სამხრეთით, ბავშვთა სათამაშო მოედნისა და დასასვენებელი ზონის მშნებელობის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დროს, კლდეზე 2000 წლის წინანდელი სახლის ნანგრევები აღმოაჩინეს.
ზღვისპირა ქალაქ ბაჩოლში, პირველ საუკუნეში აშენებული პანორამული სასახლე, რომელიც კუნძულებს ისჩიასა და პროჩიდას გადაჰყურებს, ამჟამად, ნაწილობრივ ზღვით არის დაფარული. ექსპერტები თვლიან, რომ სასახლე შესაძლოა ოდესღაც ბუნებისმეტყველის და რომის საზღვაო ფლოტის მეთაურის, პლინიუს უფროსის, მდიდრული რეზიდენცია ყოფილიყო. სასახლე 10 დიდი ოთახისგან შედგება, რომლებსაც კრამიტით დაფარული სქელი ქვის კედლები აქვს და დაუზიანებელი, პანორამული გარე ტერასების ლაბირინთი ახლავს.
ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში, სასახლე რომის პორტში, მისენუმში, მდებარეობდა, სადაც ტირენიის ზღვას 70 გემისგან შემდგარი ფლოტი ოთხი საუკუნის განმავლობაში აკონტროლებდა რომის იმპერიის დასავლეთ ფლანგის შენარჩუნების მიზნით.
„სავარაუდოა, რომ სტრატეგიული სამხედრო მიზნებისთვის დიდებულ ვილას ნეაპოლის ყურის 360-გრადუსიანი ხედი ჰქონდა. გასაოცარია კედლების დახვეწილი სტილი, რომლებიც აგებულია ალმასის ფორმის კირქვის ბლოკებით. ვფიქრობთ, რომ, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, შეიძლება მეტი ოთახი და ფრესკებიც კი ვიპოვოთ, რომლებიც პოტენციურად ასევე ძვირფასი აღმოჩენები იქნება. სასახლის სხვა ნაწილები ახლა წყალქვეშაა მოქცეული“, - განუცხადა CNN-ს ნეაპოლის კლტურული მემკვიდრეობის მთავარმა არქეოლოგმა საიმონ ფორმოლამ.
ხელისუფლება იმედოვნებს, რომ კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებს არა მხოლოდ ზღვისპირა ვილის, არამედ რომის იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კოლონიის, მისენუმის, მცხოვრებთა შესახებ. არქეოლოგების თქმით, მართლაც, შესაძლებელია, რომ პლინიუს უფროსი 79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის მოწმე ყოფილიყო. ცნობილია, რომ ის უბედურ შემთხვევას ადამიანების გადარჩენის მცდელობისას ემსხვერპლა.
აღმოჩენის ადგილი ღია ცის ქვეშ მუზეუმად იქცევა, რომელიც უახლოეს კვირებში გაიხსნება. "რომაული სასახლე ნანგრევებისგან გაიწმინდება და ხის ღობეებით შემოისაზღვრება. ჩვენი მოქალაქეები და სტუმრები ამ ულამაზესი სივრცით აღფრთოვანებულნი დარჩებიან", - თქვა ბაჩოლის მერმა ჯოსი გერარდო დელა რაჯიონემ.
0
0