
ენერგეტიკოსების ჰოკეის გუნდმა „არგომ“ გაიმარჯვა მოყვარულთა ტურნირში, რომელიც 18-19 მაისს თბილისის სპორტულ კომპლექს „არენა-2“-ში გაიმართა.
ჰოკეის სამოყვარულო ტურნირი სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა ოთხმა გუნდმა მიიღო - ბათუმიდან “შარკს-1”, “ შარკს-2”, თბილისიდან ”ფალკონს ” და “არგო”.
ტურნირის პირველ დღეს „არგომ” გუნდი “შარკს-1” ანგარიშით 5:4 დაამარცხა. გარდა ამისა, ამ დღეს საუკეთესო მოთამაშედ „არგოს“ გუნდის წევრი, კომპანია „თელასის“ თანამშრომელი ლევან მერკვილაძე დასახელდა, რომელმაც ტურნირზე პირველი გოლი გაიტანა.
ფინალურ მატჩში „არგომ” გუნდ „ფალკონსს“ ანგარიშით 6:3 მოუგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ამ ტურნირზე „არგოს” შემადგენლობაში 12 ადამიანი თამაშობდა.
ჰოკეის გუნდი „არგო“ 2023 წელს დაარსდა. გუნდი „ინტერ რაოს“ ჯგუფში შემავალი ქართული ენერგეტიკული კომპანიების 30-მდე თანამშრომლისგან შედგება - სს „თელასი“, შპს „თელმიკო“, შპს „ხრამი-1“ და შპს „ხრამი-2“.
„მიუხედავად იმისა, რომ ჰოკეის გუნდი „არგო“ სულ რაღაც ერთი წლის წინ ჩამოყალიბდა, მოთამაშეთა შეუპოვრობის და ერთიანობის წყალობით მათ შეძლეს ფავორიტები გამხდარიყვნენ. ასევე აუცილებელია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გუნდის ძირითად ბირთვს კომპანია „თელასის“ თანამშრომლები წარმოადგენენ, რითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ შევქმნათ პირობები და შესაძლებლობები სპორტის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის“, – განაცხადა სს „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.
0
0