
„ევროპის სოციალისტური პარტიის“ ვიცე-პრეზიდენტმა ევროპელი პენსიონრების ძარცვის ფულით დაფინანსებული ტელევიზიის ეთერიდან გვითხრა, რომ კონსერვატიული ღირებულებები ევროპული ოჯახის წევრობასთან შეუთავსებელია. ბუნებრივია, ეს ერთ-ერთი რგოლია გადაწყვეტილების მიღების საფუძვლებში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, წარმოუდგენელი და შეუძლებელია იმ გაერთიანების წევრობა, სადაც ფიქრობენ, რომ ოჯახი, ღმერთი, სამშობლო, ეროვნული იდენტობა, ეროვნული ფასეულობები ევროპელობასთან, ევროპული ოჯახის წევრობასთან შეუთავსებელია.
„ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ საკითხი, რასაც ჰქვია ნამდვილი შეუთავსებლობა ასეთ არასერიოზულ და ფსევდოლიბერალურ მიდგომასთან, ეს გახდა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების საფუძველი. ბუნებრივია, მომავალში თანაბრად გავაგრძელებთ ყველასთან ურთიერთობას, რადგან საქართველოს ადგილი ევროპაშია და საქართველო აუცილებლად გახდება და უნდა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ამავე დროს, პარტია „ქართული ოცნება“ გრძელვადიან პერსპექტივაში იფიქრებს, ვინ და რომელი პოლიტიკური ჯგუფი, თუ ოჯახი არის თავსებადი საქართველოს ტრადიციულ, ეროვნულ და შესაბამისად, პარტია „ქართული ოცნების“ ღირებულებებთან და მომავალში ვიზრუნებთ ასეთი გაერთიანების წევრობაზე. დღეს ბევრი გამოწვევაა, მათ შორის ღირებულებების ომია და ამ ღირებულებათა ომში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი სხვადასხვაგვარად არის ჩართული. ეროვნული იდენტობა და ღირებულებები არის პრიორიტეტი, ამ პრიორიტეტული ინტერესის გათვალისწინებით, დაკვირვების და საკუთარი პოზიციების მყარად დაფიქსირების შემდეგ, სამომავლო პერსპექტივაში გადავწყვეტთ, რომელ ოჯახთან ვიპარტნიოროთ და გამოვრიცხოთ ის დამოკიდებულება, რაც ბოლო დღეებში ვიხილეთ. ბევრს საუბრობენ, თითქოს ვიღაცას რაღაცა დავასწარით. მინდა, გაგახსენოთ ჩვენი პოზიცია, როგორც კი კონსერვატიულ კონფერენციაში მონაწილეობისთვის არაბუნებრივი რეაქციები წამოვიდა ამ პარტიის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, იმავე დღეს, პირადად მე გავაკეთე განცხადება ურთიერთობის გადახედვაზე, თუ ისინი ასე ფიქრობენ ღირებულებებთან დაკავშირებით, პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიფიქროთ-მეთქი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, მამუკა მდინარაძის განმარტებით, საბედნიეროდ, დღეს ევროპაში ბევრი პოლიტიკური ჯგუფია, რომელიც „ქართული ოცნების“ მსგავსად ფიქრობს.
„ბევრი ევროპელისთვის და ბევრი ევროპული პოლიტიკური ჯგუფისთვის არ არის გამომრიცხველი საკუთარ სამშობლოსა და ეროვნულ იდენტობაზე ფიქრი. სწორედ ასეთი მორალის ევროპაა ჩვენთვის იდეალური და არა მხოლოდ ჩვენთვის, საბედნიეროდ, ბევრი ევროპელი და ევროპული პოლიტიკური ჯგუფისათვის. აქედან გამომდინარე, ამ ღირებულებებთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო ჩვენი გადაწყვეტილება და დამოკიდებულება, შეუძლებელია, რაიმე შეხებაში იყოს კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილებასთან. ეს გამორიცხულია, ცარიელი სპეკულაციაა. ვფიქრობთ, პირიქით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით სწორი, მკაფიო პოზიციონირება უფრო მეტ ფორას მოგვცემს. პოლიტიკური გუნდიდან, რომლის დამკვირვებელი წევრიც ხარ, როცა მოდის არაობიექტური, ნეგატიური დამოკიდებულებები, ეს პირიქით შეიძლება ართულებს კიდევ პოზიციონირებას და პირიქით ხელს უშლის. შენივე პოლიტიკური ჯგუფიდან როცა გეუბნებიან, რომ დამნაშავეები უნდა იყვნენ გათავისუფლებული, შეიძლება, ოდნავ უტრირებულია, მაგრამ პრაქტიკულად ამას გვეუბნებოდნენ, ეს პარტიის კი არა, უკვე ქვეყნის ამ სწორ სვლას ხელს უშლის. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება ამ საკითხთან მიმართებაშიც“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
„ქართულ ოცნებაში“ გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, დატოვონ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსი და პარტიასთან დაკავშირებული სხვა გაერთიანებები.
0
0