
“თავიდან დარწმუნებული არ ვიყავით, შევძლებდით თუ არა ეჭვმიტანილის გამოვლენას, თუმცა სამი წლის შემდეგ, ჩვენ უკვე ვხედავთ ათობით დაკავებულს, ჩვენ შევძელით თაღლითობის ძალიან დიდი ქსელის გამოვლენა”, – ამის შესახებ გერმანელი პროკურორი ნინო გოლდბექი „ბიბისის“ ფილმში აცხადებს, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე მუშაობს.
როგორც პროკურორი აღნიშნავს, ისინი მუშაობენ, როგორც პროფესიონალი, კანონიერი კომპანიები და ეს არის ორგანიზებული დანაშაული.
„საუბარია, წელიწადში ასობით მილიონზე. თუ გვყავს მსხვერპლი რომელიმე ერთი ნებისმიერი პლატფორმიდან და მან გადარიცხა თანხა რომელიღაც ბანკის ანგარიშზე აქ გერმანიაში, ჩვენთვის ხელმისაწვდომი ხდება ტრანზაქციების დოკუმენტაცია კომპანიის საბანკო ანგარიშიდან, სადაც უკვე ვხედავთ უამრავ სხვა მსხვერპლს გერმანიიდან, ავსტრიიდან, გაერთიანებული სამეფოდან და საფრანგეთიდან. მათ ყველამ ამ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხეს თანხა, თუმცა მათ ამის შესახებ სამართალდამცველებთან არ განუცხადებიათ. ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა კი ის არის, რომ ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევებს ვხედავთ, რომელთა შესახებაც დაზარალებულებმა განაცხადეს.
თავიდან დარწმუნებული არ ვიყავით, შევძლებდით თუ არა ეჭვმიტანილის გამოვლენას, თუმცა სამი წლის შემდეგ, ჩვენ უკვე ვხედავთ ათობით დაკავებულს, ჩვენ შევძელით თაღლითობის ძალიან დიდი ქსელის გამოვლენა.
ვიცით, რომ მაგალითად გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ქცევის მარეგულირებელი ორგანო ამბობს, რომ თაღლითები, კერძო ინვესტორთათვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ. მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ გასული წლების ჩვენი ქმედებებისა და გამოძიების გამო, არის გარკვეული პოზიტიური ეფექტებიც, რომ ბოროტმოქმედები უფრო ფრთხილობენ და სულ მცირე, სამიზნეს აღარ წარმოადგენს გერმანული ბაზარი, ყოველ შემთხვევაში, ისე როგორც ადრე. საერთო ზარალი კვლავ ძალიან დიდია, ასობით მილიონი, შესაძლოა, მილიარდებზეც იყოს საუბარი. არამხოლოდ გერმანიაში, არამედ მთელ მსოფლიოში.
უნდა ვიყოთ რეალისტები. ჩვენ ვერ გადავარჩენთ მთელ მსოფლიოს. გერმანული ბაზრის გადარჩენა უკვე ძალიან რთული ამოცანაა. გაერთიანებულ სამეფოშიც არის სამართალდამცავი ორგანოები, მათი მთავარი პასუხისმგებლობაა სამართლებრივი პერსპექტივიდან განიხილონ, ჩვენი იურისდიქცია არაა“,- აცხადებს პროკურორი.
ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, რომლის თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილი სახელდება, ფილმი გუშინ გამოაქვეყნა. თითქმის ერთსაათიან დოკუმენტურ ფილმში თაღლითური სქემა დეტალურად არის განხილული. ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, ფილმში მოხვდა ერთ-ერთი სპეცოპერაციის კადრებიც, რომელიც ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით, თბილისში, ე.წ. პიქსელის შენობაში ჩატარდა.
0
0