07/11/2022
12:16
მსოფლიო
ბაჰრეინში ვიზიტის შემდეგ რომში დაბრუნებისას, რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინასა და მსოფლიოში მიმდინარე მრავალ კონფლიქტზე, ასევე ალ-აზჰარის დიდ იმამთან მის მეგობრობაზე, ქალთა უფლებების და თანასწორობის მნიშვნელობაზე, მიგრაციისა და ბავშვებზე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ისაუბრა.
როგორც რომის პაპმა განაცხადა, ვატიკანი უკრაინაში არსებულ კონფლიქტურ ვითარებას აკვირდება.
„მხარეების შერიგებისთვის გამოსავლის მოსაძებნად პრეზიდენტ ზელენსკის ორჯერ ვესაუბრე ტელეფონზე, შემდეგ ელჩსაც“, - აღნიშნა მან.
„სამი მსოფლიო ომი ერთ საუკუნეში! ერთი 1914-1918 წლებში, ერთი - 1939-1945 და დღეს მიმდინარე ომი! ეს არის მსოფლიო ომი, რადგან მართალია, როდესაც იმპერიები ან ერთ ან მეორე მხარეს სუსტდებიან, ისინი აწარმოებენ ომს, რათა თავი ძლიერად იგრძნონ - და ასევე გაყიდონ იარაღი! დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდი კატასტროფა იარაღის ინდუსტრიაა.
დიდი სიყვარული მაქვს როგორც რუსი, ასევე უკრაინელი ხალხის მიმართ. თავდაპირველად, ომი, შესაძლოა, გვამამაცებს, მაგრამ შემდეგ ის გვღლის და ტკივილს გვაყენებს. ჩვენ ვხედავთ ამ ბოროტების შედეგებს”, - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას.
კითხვაზე, უსაუბრია თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ბოლო დროს, ან აპირებდა თუ არა მასთან საუბარს, რომის პაპმა უპასუხა, რომ ომის დაწყების მეორე დღეს ის მზად იყო მოსკოვში წასულიყო პუტინთან სასაუბროდ.
„ომის დაწყებიდან მეორე დღეს მივედი რუსეთის საელჩოში, ელჩთან სასაუბროდ. მე მას ვუთხარი, რომ მზად ვიყავი მოსკოვში წავსულიყავი პუტინთან შესახვედრად, თუ საჭირო გახდებოდა. მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ძალიან თავაზიანად მიპასუხა, რომ ეს არ იყო საჭირო იმ მომენტისთვის“,- აღნიშნა რომის პაპმა.
რომის პაპმა განაცხადა, რომ წმინდა საყდარი მხარეებთან პატიმრების საკითხზე მუშაობს. ასევე რომის პაპმა ჟურნალისტებს ომების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა.
„ჟურნალისტებო, იყავით პაციფისტები, ისაუბრეთ ომების წინააღმდეგ, იბრძოლეთ ომის წინააღმდეგ. როგორც ძმა, ისე გთხოვთ ამას“, - აღნიშნა პაპმა.
0
0