
სამი მომხრე, ორი წინააღმდეგი – პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა და კენჭისყრაზე ჩააგდო.
18 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობის სამოქმედო გეგმის მოწონების პირობებში, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონმა პრაქტიკული აქტუალობა დაკარგა.
„აქედან გამომდინარე, ასევე ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს და არ მიიღებს აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც ე.წ. პერსონალიზებულ მიდგომას ეფუძნებოდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ასევე ითქვა, რომ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი კვირის ბოლომდე გაეგზავნება ვენეციის კომისიას.
კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით გაიტანა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.
კანონპროექტი განსაზღვრავს სამართლებრივ საფუძვლებს ისეთი სისტემის ფუნქციონირებისთვის, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირთა (ოლიგარქთა) გადამეტებულ გავლენასთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან აცილება. აგრეთვე ადგენს ამ პირთა წინააღმდეგ მიმართულ აღსრულების ღონისძიებათა შინაარსსა და პროცედურას. პროექტით წესრიგდება პირის ოლიგარქად ცნობასთან,
ოლიგარქთა რეესტრთან და ოლიგარქად ცნობის სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებული საკითხები.
მომხსენებლის განცხადებით, ეს არის ფორმალური წარმოდგენა, რომ კანონპროექტი დადგეს კენჭისყრაზე.
შესაბამისად კენჭისყრის დროს პარლამენტმა კანონპროექტი ჩააგდო.
0
0