
სამგლოვიარო პროცესია სამების ტაძრიდან სიონის ტაძრისკენ მიემართება. ილია მეორე სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს.
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობდა. ტაძარში წირვა დილის 09:00 საათზე დაიწყო.
სამების ტაძარში იმყოფებოდა კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლად უწმინდესი ბართლომეოს პირველი, რომელმაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულა უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურება.
მსახურების შემდეგ ტაძარში შეკრებილებს სიტყვით მიმართეს მსოფლიო პატრიარქმა, ასევე საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დღეს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. კათოლიკოს-პატრიარქის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება.
სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ტაძრამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პატივსაცემად, კორიდორია მოწყობილი. თავდაცვის ძალები დროშებით დგანან.
0
0