
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის Erasmus+-ის ფარგლებში საფრანგეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და ბოსნია და ჰერცეგოვინის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ეწვივნენ.
სტუმრებმა დაათვალიერეს ცენტრის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები, გაეცნენ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობას, მიმდინარე კვლევებსა და პრაქტიკულ სამუშაოებს.
მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის უფროსმა ცოტნე სამადაშვილმა და ბიოაგროწარმოების კვლევის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა მზეინაბ სარალიძემ სტუდენტებს საველე პირობებში გააცნეს სალუდე ქერის წარმოების მნიშვნელობა, ქართული ადგილობრივი ჯიშების გენეტიკური რესურსების პოტენციალი, მათი დაცვისა და კონსერვაციის მიმართულებით ცენტრის საქმიანობა, ასევე სალუდე ქერის წარმოების აგროტექნოლოგიური თავისებურებები, მოსავლის აღების თანამედროვე ტექნოლოგიები და ამ კულტურის გამოყენების თანამედროვე მიმართულებები.
ვიზიტი განხორციელდა საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, რომელიც ქერისა და ალაოს წარმოებისა და გამოყენების ტექნოლოგიებზეა ორიენტირებული.
0
0