01/10/2024
13:06
არჩევნები 2024
სამართალი არის სამართალი! - კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი და ეს უნდა ახსოვდეს ახლანდელ ხელისუფლებასაც და ნებისმიერ მომავალ ხელისუფლებას - არც სააკაშვილს ეგონა, რომ ოდესმე ასეთი შედეგი დადგებოდა,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამწლიანი პატიმრობა შეაფასა.
როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, ეს არის მაგალითი, განსაკუთრებით მმართველი პარტიისთვის.
„თქვენ თუ გგონიათ, რომ ზოგადად, ნებისმიერი ადამიანის ციხეში ყოფნა ვიღაცას ბედნიერებას ანიჭებს, ასე არაა, მაგრამ სამართალი არის სამართალი! კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი. კანონის წინაშე თანასწორობა უნდა ახსოვდეს ახლანდელ ხელისუფლებასაც და ნებისმიერ მომავალ ხელისუფლებას. არც სააკაშვილს ეგონა, რომ ოდესმე ასეთი შედეგი დადგებოდა. ეს უნდა იყოს მაგალითი, მძიმე არის მაგრამ მაინც. ეს უნდა იყოს მაგალითი ამჟამინდელი ხელისუფლებისთვისაც და ნებისმიერი მომავალი ხელისუფლებისთვისაც. დღეს რომ ჰგონიათ, ეს ქვეყანა მათია და სახელმწიფო თვითონ არიან, ასე ეგონათ წარსულშიც. ეს არის მაგალითი, განსაკუთრებით დღევანდელი ხელისუფლებისთვის“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
გარდა ამ თემისა, ბუჩუკური გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ქვეყნის პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „მდინარაძე თავის ნებას არ მიყვება“.
„მამუკა მდინარაძის პოსტი თუ აზრები შეუძლებელია, ლოგიკას დაექვემდებაროს. მამუკა მდინარაძე თავის ნებას არ მიყვება. შეუძლებელია, იმ ადამიანების განცხადებების ლოგიკაზე ვიმსჯელოთ, რომლებიც საკუთარ აზრებს არ გამოთქვამენ, არ იციან დღისით რისი თქმა მოუწევთ და საღამოს რისი გაკეთება. ეს ადამიანები საკუთარ თავს არ ეკუთვნიან”,- აღნიშნა ბუჩუკურმა.
0
0