29/04/2022
13:45
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით მოქმედი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ვაშინგტონში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ზურაბიშვილის იმედად ყოფნას არ აპირებს.
„მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან საზღვარგარეთ გადაყვანის პროცესში ჩართულობა ადამიანური და პოლიტიკური კუთხიდანაც, აუცილებელია. ქალბატონმა ზურაბიშვილმა ორივე მხრივ გააკეთა არასწორი განცხადებები და დარწმუნებული ვარ, იგი ამას ძალიან მალე მიხვდება. არც ადამიანური და არც პოლიტიკური თვალსაზრისითაც ქალბატონი ზურაბიშვილის განცხადებები ვერ და არ იქნება გამართლებული.
მას აქვს ის შესაძლებლობა, რომ ქვეყანას აარიდოს კიდევ უფრო არასტაბილური განვითარების პერსპექტივა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. თხელ ყინულზე დადის მთელი ერი და როდის ჩატყდება ეს ყინული, არავინ იცის და ამ დროს ქალბატონ ზურაბიშვილს აქვს უფლება, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაარჩინოს სიკვდილს და აკეთებს არაადამიანურ, არაგამართლებულ პოლიტიკურ განცხადებებს.
რა თქმა უნდა, აღარ ვიმედოვნებ და ქალბატონი ზურაბიშვილის იმედზე არ ვაპირებთ ყოფნას. თუკი ვინმე დაზიანდება ამით, ეს თავად ქალბატონი ზურაბიშვილი იქნება. როდესაც შენ ხარ პრეზიდენტი და პრეზიდენტის სასახლეში საქმიანობ, უნდა გახსოვდეს, რომ შენი კვალი ისტორიას დარჩეს.
დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ურყევი ნება გაუძლებს ამ მძიმე დაავადებებს. იგი ნამდვილად იქნება დახსნილი ტყვეობიდან, რა თქმა უნდა, არა ქალბატონი ზურაბიშვილის დახმარებით და ამ ხელისუფლების აქტიური ჩართულობით, არამედ საერთაშორისო და ქართული საზოგადოების აქტიური თანამონაწილეობით. არ მოხდება ის, რაზედაც შეიძლება ხელებს იფშვნიტავდეს ხელისუფლებაში არცთუ ისე ცოტა ადამიანი“, - აცხადებს ნიკა მელია.
0
0