
„სალომე ზურაბიშვილის მიმართ მაქვს ნულოვანი ნდობა“, - ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილს ბოიკოტი გამოუცხადა, ის პრეზიდენტის წლიურ ანგარიშს პარლამენტში არ დაესწრება.
მისი თქმით, პარლამენტში სავარაუდოდ იქნება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი პაატა მანჯგალაძე.
„ჩვენი წარმომადგენლები იქნებიან, სავარაუდოდ, პაატა მანჯგალაძე დაესწრება, მე ალბათ არ დავესწრები ამ სხდომას, რადგან დროც არ მაქვს და არც გამოსვლის უფლება. ისეთი წესები მიიღეს, რომ გამოსვლის უფლება არ მექნება. სანამ სალომე ზურაბიშვილი ექსპერტული შეფასებებიდან კონკრეტულ ნაბიჯებზე არ გადავა, მე მასთან მიმართებით მაქვს ნულოვანი ნდობა.
19 აპრილის შეთანხმების გარანტორი იყო ეს ადამიანი და მიუხედავად ამისა, პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, რომელიც მთავარი საკითხი იყო ამ შეთანხმებაში, დღემდე არაფერი გააკეთა, ამდენი ხანია, მთელი ევროპა, მთელი საქართველო ითხოვს, რომ მან შეწყალების მექანიზმი გამოიყენოს და არ იყენებს. მოსასმენი ნამდვილად არ მაქვს კიდევ ერთხელ შეგონებების თვალსაზრისით. ნდობა არ მაქვს და ვფიქრობ, სხვა გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებით დავკავდები ხვალ.
შეიწყალოს გვარამია, სააკაშვილი, შემოგვთავაზოს ცესკოს თავმჯდომარედ ღირსეული კანდიდატურა, რომელსაც საზოგადოების მხრიდან ექნება მხარდაჭერა და არა ის, რომ სიტყვით ერთს ამბობდე, საქმით მეორეს აკეთებდე. როგორც კი დავინახავ ამას, ამის შემდეგ შეიძლება, ნდობა ჩამოყალიბდეს“, - აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი.
0
0