22/05/2025
21:23

ზურაბ ჯაფარიძის საქმე სუფთა პოლიტიკურია, რომელიც ნიშანია, რომ იწყება პირდაპირი პოლიტიკური თავდასხმა ლიდერებზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებას გამოეხმაურა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ამ გადაწყვეტილებას სამართალთან კავშირი არ აქვს.
„დღეს კიდევ ერთი ძალიან სამარცხვინო დღე დადგა „ქართული ოცნებისთვის“. სამარცხვინოა, ის, რაც მოაწყვეს – პოლიციური თავდასხმა სასამართლოზე, პრაქტიკულად, არავის შეშვება, სხდომის გადატანა პატარა დარბაზში, ყველაფერი ის, რაც დღეს სცადეს, რათა დამთავრებულიყო იმით, რაც წინასწარ ყველამ იცოდა, ზურაბ ჯაფარიძე გადაეცა წინასწარ პატიმრობაში. ამას არანაირ სამართალთან კავშირი არ აქვს. სუფთა პოლიტიკური საქმეა, რომელიც ნიშანია, რომ იწყება პირდაპირი პოლიტიკური თავდასხმა ლიდერებზე. ერთი მხრივ, გვყავს საზოგადოებრივი აქტივისტები, თუ საზოგადოებრივი მოღვაწეები, რომლებიც ციხეში არიან სრულიად არაფრისთვის, ახლა შემდეგი ეტაპია, რომ ეს ასევე შეეხოს პოლიტიკურ ლიდერებს. საგამოძიებო კომისია შექმნილი იყო არა იმისთვის, რომ გამოიძიოს რაღაც წინა რეჟიმის დანაშაულები, არამედ საშუალება გამხდარიყო, დაეჭირათ სწორედ ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც უნდათ, დაინახონ ციხეში. ეს სამარცხვინოა „ქართული ოცნებისთვის“. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი მათი უსუსურობის, რომ აღარ იციან, საით და სადამდე წაიყვანონ რეპრესიები. ყველა რეჟიმი, რომელიც ასეთ დღეშია და ამ რეპრესიებს მიმართავს, თვითონ არის განწირული იმისთვის, რომ დასრულდეს. გამძლეობა გვჭირდება ნამდვილად, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ განაჩენი დღეს გამოტანილია „ქართული ოცნებისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო პატიმრობით შეეცვალა.
0
0