
ყველანი როცა ერთად ვდგავართ, ძლიერები ვართ, ამას ვერავინ და ვერაფერი დაამარცხებს, საზოგადოების ამ ერთიანობის ღერძი არის ის პროტესტი, რომელიც აქ, რუსთაველზე ჯიუტად ყოველ საღამოს დგას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დღეს ბევრი შეიძლება, კითხულობდეს, რა დრო ზეიმია, რატომ ვზეიმობთ 26 მაისს, რატომ ვზეიმობთ იმ დროს, როცა პატიმრები ციხეში არიან უსამართლოდ და მათი მშობლები აქ დგანან, ჩემთან. რატომ ვზეიმობთ, როცა ქვეყანაში სუფევს უსამართლობა, როცა დღითი დღე აქრობენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას, როცა უწყობენ ხელს და შემოჰყავთ საუკუნოვანი მტერი. რატომ ვზეიმობთ, ეს კითხვა ყველას გვაქვს. ჩემი პასუხია, ჩვენ იმიტომ ვზეიმობთ, რომ უკვე გამარჯვებულები ვართ, რადგან საუკუნეების განმავლობაში საქართველომ ყველაფერს გაუძლო და დღემდე მოვიდა. უკვე გამარჯვებულები ვართ, რადგან 117 წლის შემდგომ, 1918 წელს, საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა და სუვერენობა. გამარჯვებულები ვართ, რადგან ოკუპაციის 70 წლის შემდეგ და მცდელობის, რომ გამქრალიყო საქართველოს სახელმწიფო და ინდენტობაც კი, საქართელომ აღადგინა თავისი დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს. იმიტომ ვართ გამარჯვებულები, რომ რეფერენდუმი ჩატარდა და ყველანი ერთად ვიყავით. ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ დამოუკიდებლობა უნდა დაგვებრუნებინა, აღგვედგინა. ჩვენ იმიტომ ვართ გამარჯვებულები, რომ უკვე ორი წელია, რაც დგას საქართველო ქუჩაში და იდგა ყოველჯერ როცა მისი დამოუკიდებლობა, თავისუფლება, მომავალი იყო კითხვის ნიშნის ქვეშ. იდგა 2008 წელს, როცა შემოვიდა რუსეთი, დგას დღეს უკვე შვიდი თვეა არჩევნების შემდეგ და ექვსი თვე იმის მერე, რაც არალეგიტიმურმა მთავრობამ გადაწყვიტა, შეეწყვიტა ჩვენი გზა ევროპისკენ. დგას საქართველო და გამარჯვებულია ამიტომ. გამარჯვებულია ერთი ქალი, რომელიც ყველას უძლებს, მას ჰქვია მზია და ის არის ჩვენი სახე და ღირსება. გამარჯვებულია, რადგან არც ერთმა პატიმარმა თავის ღირსებაზე უარი არ თქვა, რადგან არც ერთმა მშობელმა თავის შვილის ღირსებაზე უარი არ თქვა და ყველანი ერთად დგანან დღეს, როგორც ჩვენი ღირსების სიმბოლოები. ამიტომ ვართ გამარჯვებულები უკვე და გვაქვს უფლება, ვიზეიმოთ 26 მაისი, მაგრამ გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ეს მოითხოვს სამ რამეს – ერთი არის საზოგადოების ერთობა, შემართება, ერთად დგომა და ეს მიღწეულია, რადგან პროტესტი ეხება ყველას, ყველა თაობა ჩართულია, ყველა რეგიონი ჩართულია. ადამიანები დგანან გორში, თელავში, ბათუმში, ქუთაისში, ახალციხეში და ზუგდიდში. ეს პროტესტი დგას იმ პიროვნებების ხარჯზე, რომლებიც დგანან ბოლომდე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, საზოგადოების ამ ერთიანობის ღერძი არის პროტესტი, რომელიც რუსთაველის გამზირზე ყოველ საღამოს იმართება.
„საზოგადოება არის გაერთიანებული პროტესტის უკან, ამიტომ ამ პროტესტის რიცხვობრივად დათვლა, დღეს მეტი ხართ თუ ნაკლები, დღეს ხართ და ეს პროტესტი არის ის, რაც აცოცხლებს ყველა დანარჩენ მოძრაობას, ყველა მარშს, ყველა ადგილობრივ გამოსვლას. როცა ყველანი ერთად ვდგავართ, ძლიერები ვართ და ამას ვერავინ და ვერაფერი დაამარცხებს. ცხადია, რომ ღერძი ამ საზოგადოების ერთიანობის არის ის პროტესტი, რომელიც აქ, რუსთაველზე ჯიუტად ყოველ საღამოს დგას, დგას და დგას ბოლომდე. ეს პროტესტი, რომელიც არის როგორც აისბერგის მწვერვალი, ყველას აერთიანებს. ეს პროტესტი, აქ მდგომი არის ის, რაც ყველას აერთიანებს. საზოგადოება არის მთლიანად ჩართული. არ შეიძლება, არ ვახსენო თეატრის მსახიობები, რომლებიც არიან წინა პლანზე, სტუდენტები, მხატვრები, მწერლები, პოეტები, მუზეუმის თანამშრომლები, რომლებიც ადრე გაიწვიეს. მუშები ჭიათურაში, მაღაროელები. ყველა სფეროს წარმომადგენელი, რომელიც თუ აქ არ არის, გულით დგება აქ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, გამარჯვების კიდევ ერთი კომპონენტი არის უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერა.
„ვისაც ეპატარავება პროტესტი, ვინც ზოგჯერ მოდის და ამბობს, რომ რა ცოტანი არიანო, იმათმა ალბათ გუშინ და გუშინწინ საღამოს ნახეს შეკრებილი ახალგაზრდობა ლისის ტბაზე. ეს არის ის პროტესტი, რომელიც მზად არის, რომ ნებისმიერ დროს, როგორც დიდი ტალღა, გაემართოს რუსთაველზე. ასე რომ, ჩვენ ვიცით, რამდენი ვართ. ვიცით, რომ ძლიერნი ვართ და ეს არის საზოგადოების უდიდესი ძალა. მაგრამ ეს არ ჰყოფნის. მეორე ნაწილი, კომპონენტი გამარჯვების არის ჩვენი უცხოელი პარტნიორების, მეგობრების მხარდაჭერა და ჩვენ, აქ ვინც ვართ, ვიცით, ვინ არიან ჩვენი მეგობრები, ვინც არიან ჩვენი პარტნიორები. დღეს ჩვენ მოვისმინეთ მთელი დღე და კიდევ მოდის მოლოცვები, რომლებიც არის მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხისადმი. ეს არ არის ტრადიციული პროტოკოლური მოლოცვები, რომლებსაც მეც ვღებულობდი პრეზიდენტობის პირველი მანდატის დროს. ეს არის მოლოცვა თქვენდამი, მოლოცვა იმ ხალხის გამბედაობისა და გამძლეობის. ეს არის მოლოცვა და სურვილი, რომ თქვენდამი გამარჯვება მალე მოვიდეს, ამისთვის მხარდაჭერა და იმ დემოკრატიისა და ევროპულობის იმედის მხარდაჭერა ყველა ჩვენი პარტნიორისგან და მათ მინდა, დღეს თქვენი სახელით დიდი მადლობა გამოვუცხადო. მადლობა. მინდა, გითხრათ, რომ ის მუშაობა, რაც ჩატარდა ჩვენს პარტნიორებთან, ჩემი და სხვების, ეს არ არის ერთი ადამიანის გაკეთებული. ეს არის ერთობლივი მუშაობა თუნდაც ზოგჯერ სხვადასხვა პარტიის, სხვადასხვა ადამიანის, პიროვნებების, კულტურის სფეროსი, ყველამ ერთად იმუშავა და ყველამ მიაღწია იმას, რომ დღეს, შვიდი თვის მერე არჩევნებიდან არ არის ეს არალეგიტიმური მთავრობა აღიარებული, ჩვენი მეგობრებისგან, ყოველ შემთხვევაში, არ არის აღიარებული არჩევნების შედეგები. იზოლირებულია ეს ე.წ მთავრობა ჩვენი პარტნიორებისგან. ეს არის ერთი შედეგი, მეორე შედეგი არის სანქციები, რომლებიც ეხება პირდაპირ იმ ადამიანებს, რომელთა პასუხისმგებლობა არის ის ასასტიკი ძალადობა, რაც ჩვენ ვნახეთ ამ ქვეყანაში. სანქცირებული არიან ისინი, რომლებიც რუსეთს ხელს უწყობენ ამ ქვეყანაში და რუსეთს ეთანამშრომლებიან. ეს არის ამ სანქციების მხოლოდ დაწყებული ტალღა, რომელიც გაგრძელდება და რომელიც ეხება პასუხისმგებელ პირებს და არა ქართველ ხალხს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
0
0