
რუსული მარიონეტები ყველგან ერთნაირ წინასაარჩევნო დაპირებებს აკეთებენ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს.
სალომე ზურაბიშვილი აქვეყნებს ერთ-ერთი გვერდის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ყველა პოლიტიკურ პარტიას აკრძალავს.
კალინ ჯორჯესკუ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ულტრამემარჯვენე დამოუკიდებელი კანდიდატია.
რუმინული მედიის ცნობით, კოლინ ჯორჯესკუს განცხადება პოლიტიკური პარტიების აკრძალვის დაპირებასთან დაკავშირებით 2024 წლის აპრილით თარიღდება. მან განცხადებისას რუმინელი ფილოსოფოსისა და პუბლიცისტის, 1940 წლის ფაშისტური მთავრობის მაღალჩინოსნის ციტატა გამოიყენა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასვლის შემდეგ რუმინულ მედიასთან ჯორჯესკუს ოფისმა განმარტება გააკეთა.
„ეს არის მეტაფორა, რომელიც გმობს მანიპულაციას და კორუფციას, რომელიც შესაძლოა, თან ახლდეს პოლიტიკურ სისტემას, თუმცა ასევე ურთიერთობებს პოლიტიკოსებსა და რუმინელ ხალხს შორის: როდესაც პოლიტიკური პარტიები კარგავენ თავიანთ მიზანს ან ბოროტად იყენებენ თავიანთ როლს, ხალხი უარყოფს მათ. ბატონი კალინ ჯორჯესკუ გეგმავს, მართოს რუმინეთი კონსტიტუციისა და კანონის უზენაესის პრინციპების მკაცრი შესაბამისობით. მისი მმართველობა იქნება გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული, ფოკუსირებული მოქალაქეების უფლებების დაცვაზე და სოციალური და ეკონომიკური თანასწორობის გარემოს ხელშეწყობაზე“, – განაცხადეს პრეზიდენტობის კანდიდატის ოფისში.
0
0