
პოლიტიკური პარტიებისთვის ჩემი რჩევა იყო, რომ ამ არჩევნების იგნორირება მოეხდინათ - პრაქტიკულად არავინ მონაწილეობს და ისინი, ვინც მონაწილეობენ, ამას მთავრობის მხრიდან ზეწოლის ფონზე აკეთებენ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა TVP WORLD-თან ინტერვიუში 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, პარტიის ორი ლიდერი, რომელიც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, ციხეში იყო და ისინი ფაქტობრივად, იმისთვის გაათავისუფლეს, რომ მონაწილეობა მიიღონ.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ფსევდო-არჩევნები“ ტარდება გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც რუსეთის მიერ ძალიან დიდი ჩარევისა და გაყალბების ფონზე ჩატარდა, შესაბამისად, ამ არჩევნებისგან არაფერია მოსალოდნელი, მაგრამ ბევრი რამ არის მოსალოდნელი პროტესტებისგან, ვინაიდან ხალხს სურს „რეჟიმის ცვლილება“ და ახალი დემოკრატიული არჩევნები.
“არაფერია სასწორზე. არაფერია მოსალოდნელი, ვინაიდან, ეს ფსევდო-არჩევნები გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ტარდება, რომელიც, როგორც ყველამ ვიცით, რუსეთის მიერ ძალიან დიდი ჩარევისა და ძალიან მნიშვნელოვანი გაყალბების ფონზე ჩატარდა როგორც ადგილობრივი მთავრობის, ასევე რუსეთის სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიებით. ცოტათი მსგავსია იმისა, რაც ახლა მოლდოვაში დავინახეთ და ახლა ჩვენმა პარტნიორებმა აღმოაჩინეს, რომ ყველაფერი, რასაც ვამბობდით, სიმართლე იყო.
და ვითარება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მხოლოდ გაუარესდა კანონმდებლობის, მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო კომისიასა და ყველაფერზე ტოტალური კონტროლის მხრივ, რაც წესიერი არჩევნებისთვის გვჭირდება. ასე რომ, როდესაც ეს საუბრები დაიწყო, პოლიტიკური პარტიებისთვის ჩემი რჩევა იყო, რომ უბრალოდ იგნორირება მოეხდინათ ამ არჩევნების.
მათ დაიწყეს საუბრები მიიღონ, თუ არა არჩევნებში მონაწილეობა. საბოლოო ჯამში, პრაქტიკულად არავინ არ მონაწილეობს და ისინი, ვინც მონაწილეობენ, ამას მთავრობის მხრიდან ზეწოლის ფონზე აკეთებენ. ორი ლიდერი პარტიის, რომელიც მონაწილეობას იღებს, ციხეში იყო და ისინი ფაქტობრივად იმისთვის გაათავისუფლეს, რომ მონაწილეობა მიიღონ [არჩევნებში].
ასე რომ, არაფერია მოსალოდნელი [არჩევნებისგან], მაგრამ ბევრი რამეა მოსალოდნელი ქუჩაში პროტესტებისგან, ვინაიდან, ხალხი აპირებს ამ არჩევნების პაროდიის გაპროტესტებას და იმის გამეორებას, რომ მათ სურთ რეჟიმის ცვლილება, ახალი დემოკრატიული არჩევნები, რომელშიც შევძლებთ წესიერად ბრძოლას და ქართველი ხალხის ხმის ასახვას”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
0
0