
პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში და ხან „ოცნების“ გზავნილებს იმეორებენ, ესენი არიან მოღალატეები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა, სადაც ის ხალხის კითხვებს პასუხობს.
ზურაბიშვილის თქმით, ოპოზიცია ერთობას მაინც მიაღწევს.
„ჩვენ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, გავაძლიეროთ ერთობა და მოვიგოთ არჩევნები, რომელსაც ესენი ნამდვილად წააგებენ. დღეს მე არ ვიცი „ოცნების“ მხარდამჭერი, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც უშუალოდ ბოტებად მუშაობენ, კომპრომატებით არიან დაჭერილი და ფულით არიან გადაჯაჭვული „ოცნებასთან“. „ოცნების“ სხვა, თავისუფალი მხარდამჭერი მე არ ვიცი. „ოცნება“ შეეხო ყველა სფეროს, ჯგუფს. არავინ არ არის, რომელიც რეალურად ამ ვითარებაში უვნებელი დარჩა. „ოცნება“ შეეხო დიასპორას, მშობლებს, სტუდენტებს, მასწავლებლებს, პროფესორებს, ყველა უნივერსიტეტს. ხვალ შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, რომლებიც ჯერ ფიქრობენ, გადავრჩითო. არავინ არ გადარჩა. „ოცნება“ შეეხო ბიზნესსაც. ყველაფერი აკრძალულია ქვეყანაში და ვინ უნდა იყოს „ოცნების“ მხარდამჭერი. სახელმწიფო პრაქტიკულად აღარ არსებობს, არც საზღვრები, ჩვენი თავდაცვა რა დღეშია, ომია ჩვენ ირგვლივ და უსაფრთხოების საბჭო არ იკრიბება. ეს არის სახელმწიფო? ეს ვინმეს უნდა მოსწონდეს, თუ „ოცნებასთან“ მიჯაჭვული არ არის ადამიანი სხვადასხვა ხერხებით?
მე ვარ ძალიან იმედიანად, რომ ჩვენ მოვიგეთ უკვე ბოლო არჩევნები. მოვიგებთ ახალ არჩევნებს კიდევ უფრო ძლიერად, თუ არ დავიწყებთ ერთმანეთის ჩაძირვას, ერთმანეთის მოტყუებას, რაც იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ხელი შეგვიშალა და რასაც დღესაც ვხედავთ რამდენიმე პარტიისგან. არიან პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში, ხან „ოცნების“ გზავნილებს იმეორებენ და სხვა პარტიებზე „ოცნების“ დარტყმებს იმეორებენ. ესენი არიან მოღალატეები და მათთან ერთად ძალიან ძნელია ეს ერთობა, მაგრამ მაინც მივაღწევთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
0
0