
სალომე ზურაბიშვილი თუ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ეს ამომრჩევლების მიმართ კიდევ ერთი ღალატი იქნება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„პირდაპირი ალიანსი აქვთ. არის გარკვეული მიზეზები, რატომაც არ აკეთებს ამას. სიღრმეში არ შევალ. არც შურისძიება სჭირდება ამისთვის და არც არაფერი. პირდაპირი ალიანსი აქვთ სალომე ზურაბიშვილსა და დანარჩენს „ნაცმოძრაობას“. ეს არის მისი საქმე. მიხეილ სააკაშვილს თუ შეიწყალებს, ეს იქნება კიდევ ერთი ღალატი. ღალატი იმ ამომრჩევლის მიმართ, რომელმაც მას მხარი დაუჭირა 2018 წელს.
სალომე ზურაბიშვილს მეორე ტურში რატომ უჭერდნენ მხარს. ერთი იმიტომ, რომ ჩვენ ამომრჩეველს ვუხსნიდით, რომ აქ მაინცდამაინც სალომე ზურაბიშვილში კი არ არის საქმე, მთავარია, ჩვენ ის კურსი არ შევცვალოთ, რომელიც ქვეყანაშია, არ გავაძლიეროთ „ნაცმოძრაობა“, ამიტომ დაუჭირეს მეორე ტურში მხარი და შემოხაზეს სალომე ზურაბიშვილი. მეორე – ხალხს ეშინოდა სწორედ კრიმინალების შეწყალების. მეორე მიზეზი, რატომაც სალომე ზურაბიშვილს მხარი დაუჭირეს, სწორედ ეს იყო. აქაც თუ უღალატებს ის საკუთარი ამომრჩევლის ნებას, ჩვენ რა უნდა ვქნათ. დღესაც იმედი მაქვს, რომ ეს ერთი წითელი ხაზი აქვს, იმედია, იმ წითელ ხაზში მაინც დარჩება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0