
სალომე ზურაბიშვილმა აიღო პასუხისმგებლობა და ვინ როგორ აფასებს, ისე შეაფასოს, ჩემთვის იმ სტანდარტს არ აკმაყოფილებს, რომ პროცესის ლიდერად წარმოვიდგინო, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა ცოტნე კობერიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
კობერიძე განმარტავს, რომ ვერ წარმოუდგენია თავი ერთობაში, რომელსაც კოორდინაციას სალომე ზურაბიშვილი გაუწევს, თუმცა დასძენს, რომ ეს მხოლოდ მისი პოზიციაა და არა კოალიციის ან მისი პარტიის, შესაბამისად, კობერიძე აღნიშნავს, რომ თუ პროცესებმა მსგავსი სახე მიიღო, „იქ არ იქნება“.
კობერიძის განმარტებით, მეხუთე პრეზიდენტი ოპოზიციური ერთობის ლიდერად ვერ წარმოუდგენია, რადგან, როცა აქციებს ყველაზე რადიკალური ფორმა ჰქონდა მიღებული, ის ახალგაზრდების გვერდით არ იყო.
“თუ სალომე ზურაბიშვილის ლიდერობით პოლიტიკურმა სპექტრმა რაღაც კონფიგურაციის სახე მიიღო და ამ ერთობის ლიდერი არის ის, თუ ამის იმედად გრძელდება ეს პროცესი, ჩავთვლი, რომ ეს დროში გაწელვის ერთ-ერთი ფორმაა.
მე არ მგონია, პროცესის ლიდერად მივიჩნიო ადამიანი, რომელიც, როცა ყველაზე რადიკალური ფორმა ჰქონდა აქციებს მიღებული, რომელიც ყველაზე მეტად მგონია, რომ ხელისუფლებას წნეხში ახვედრებდა, ჩემს გვერდით არ ყოფილა, როცა გამიხედავს. მე არ მგონია, რომ იმ სხვა პოლიტიკოსებში უნდა ეძიო ლიდერი და არა იმაში, ვინც, მაგალითად, გადაკეტვის დროს, “ქართულმა ოცნებამ” რომ დაიმუქრა და ჩემს გვერდით 18-20 წლის ახალგაზრდები იყვნენ. მათ ლიდერად, ჩემს ლიდერად ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც იქ არ ყოფილა. არ არის ბუნებრივი, მე ამას არ მივიღებ და, შესაბამისად, ამ პოზიციაზე ვრჩები.
მან აიღო ეს პასუხისმგებლობა და ვინც როგორ აფასებს, ისე შეაფასოს, როგორ ართმევს ამ პასუხისმგებლობას თავს, ჩემთვის იმ სტანდარტს არ აკმაყოფილებს, რომ ამ პროცესის მსგავს ლიდერად წარმოვიდგინო, რომლის ქვეშაც პლატფორმები უნდა კეთდებოდეს და მას აღიარებდეს ლიდერად, ჩემი აზრით, ეს სწორი არ არის. ეს ჩემი, როგორც ცოტნეს პოზიციაა და არა როგორც კოალიციის ან როგორც “გირჩის”. მე ჩემს სიტყვას უკან არ წავიღებ, თუ პროცესებმა ასეთი სახე მიიღო, მე იქ არ ვიქნები”, - განაცხადა კობერიძემ.
0
0