
ამ ქვეყანაში ვინმეს თუ სჯერა, რომ ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, ეს არის დიდი მითი, არ არსებობს არჩევნები, არსებობს მხოლოდ არჩევნების თემა, რომელიც არის შემოგდებული სწორედ „ქართული ოცნების“ მიერ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ ამ თემით მიაღწია შედეგს – დააპირისპირა ოპოზიცია.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, „ჩვენ არც არჩევნებში მონაწილეობის კამპანია გვაწყობს, არც ბოიკოტის კამპანია. ორივე მხრივ გახლეჩილები ვართ, იხარჯება ძალიან დიდი ფულადი და ადამიანური რესურსი, რომელიც უნდა მიდიოდეს პროტესტში და იხარჯება ბოიკოტის კამპანიაში, რომლის შინაარსის გაგებაც მე მიჭირს“.
„ჩვენ ვართ რაღაცა აბსურდულ თეატრში. ყველა თამაშობს თავის როლს იმ დონეზე, რომ მიდის ლანძღვა, გინება, ბულინგი. რეალურად, დარწმუნებული ვარ, რომ არ ჩატარდება ეს არჩევნები, ბოლომდე არ მიიყვანს ეს ხელისუფლება არჩევნების მითს, მაგრამ მანამდე კი გაიხლიჩა ოპოზიცია, დასუსტდა პროტესტი. ჩვენი ერთადერთი ძალაა ერთობა. მეორე მხრივ, ბოიკოტის კამპანიაც არის აბსურდი. არ არსებობს მაგალითი ბოიკოტის, რომელიც გამოცხადებულ იქნა, როგორც რამე გამარჯვება. ცხადია, დღევანდელ პირობებში როგორც გაყალბდება არჩევნები, თუ ვინმემ მიიღო მონაწოლეობა, ასევე გააყალბებენ ბოიკოტს, კიდევ უფრო ადვილად, რადგან შიშის, ფულის, მუქარის პირობებში შეიძლება, წაიყვანო ადამიანები არჩევნებამდე და დათვლადი თუ იქნეს ეს ბოიკოტი, შეუძლია რეჟიმს, ეს გაასაღოს როგორც მისი გამარჯვება. დიქტატორულ რეჟიმებში ასე მთავრდება ბოიკოტი. მინდა, წარმოგიდგინოთ რეალისტური გეგმა, რომელიც მოითხოვს, მოვიდეთ გონს, ჩვენი თემა არის, როგორ გავაძლიეროთ პროტესტი, რომელმაც მოგვიყვანა ყველა ამ დღემდე. ეს მოითხოვს პირველ რიგში, რომ გაძლიერდეს და გაცოცხლდეს წინააღმდეგობის პლატფორმა. ამაში უნდა შემოვიყვანოთ ყველა ის ფორმატი და ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა კუთხით იკრიბებიან, აქვთ მოსაზრებები. ამ პლატფორმამ უნდა ჩამოაყალიბოს გარდამავალი მთავრობა, რადგან არავის უყვარს ვაკუუმი. ჩვენი საზოგადოების წუხილი იქიდანაც მომდინარეობს, რომ ვერ ხედავენ, ესენი თუ არა, აბა ვინ? ეს არის მუდმივი კითხვა. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ამ კითხვაზე გავცეთ პასუხი, დავანახოთ საზოგადოებას, ასევე უცხოელ საზოგადოებას, ვინ იქნება ხვალ, როცა ეს დაწყებული ჩამოშლის პროცესი დასრულდება რეჟიმის დასრულებით. ჩვენი გადასაწყვეტია, ესენი არიან ნაკლებად პოლიტიკოსები და მეტად ტექნიკური პროფესიონალები, ეს არის მართლაც აუცილებლობა, რათა გავიდეთ ფონს. მესამე, რაც გვჭირდება, ეს არის სამოქმედო გეგმა, პროგრამა, ეს არის „ქართული ქარტია“, რომელსაც სჭირდება განახლება. მისი მიღების შემდეგ რაღაცები შეიცვლაა, თუმცა არსებითი ნაწილები არ შეცვლილა. ასევე, უკვე გვაქვს დოკუმენტი, რომელიც ასახავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომელიც უნდა იყოს მიღწეული ახალი, თავისუფალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რაც მოყვება ასევე ამ რეჟიმის ჩამოშლას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
0
0