
საქართველოს საუკუნეების განმავლობაში არ ჰქონია შესაძლებლობა, რომ საკუთარი ინტერესები დაეყენებინა ყველაფერზე წინ და დღეს ეს არის ყველაზე დიდი მონაპოვარი, – განაცხადა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში სტუმრობისას.
„ეს არის ჩვენი საზოგადოების მონაპოვარი, რადგან ჩვენი საზოგადოება მომწიფდა იმისთვის, რომ მისმა წარმომადგენლებმა, მისმა დაქირავებულმა გუნდმა ეს განახორციელოს საერთაშორისო ასპარეზზე, დიპლომატიური ასპარეზი იქნება ეს თუ სხვა. ჩვენ ამის მომსწრე ვართ და ამან განაპირობა შენდამი ყურადღება თუ პატივისცემა. აბა, შეხედეთ ირაკლი ღარიბაშვილს, როგორ ხვდებოდნენ თუნდაც, ჩინეთში. ჩემი ბაბუა ჩინეთშია დასაფლავებული, მამაჩემი ჩინეთში დაიბადა და ჩინური კულტურა ძალიან კარგად ვიცი – ჩინელი არ დაგხვდება ცოლთან ერთად, თუ პატივს არ გცემს ძალიან. ეს მათ კულტურაში დევს. აბა, გაიხსენეთ, როგორ ხვდებოდნენ და ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, როგორ აცილებდნენ საქართველოს პრემიერს მოლაპარაკებების მერე. ცერემონიულად ხვდებოდნენ და აცილებდნენ პატივისცემით. ეს ნიშნავს, რომ საქართველომ შეიძინა პოლიტიკური ფუნქცია, ის გახდა პოლიტიკური ერთეული მსოფლიო რუკაზე და არა – გეოგრაფიული ერთეული. საქართველოს ბედს და საქართველოსთან ურთიერთობას წყვეტს ქართული ხელისუფლება და არა – ვაშინგტონი, პეკინი, მოსკოვი, ბრიუსელი თუ მონაკო. აი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ გუნდმა მოიტანა“, – განაცხადა ხაინდრავამ.
მისი თქმით, ეს ყველაფერი პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლამ განაპირობა.
წამყვანის შეკითხვაზე, ვისი გზავნილები გაახმოვანა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან, როცა მან ხელისუფლება პირდაპირ დაადანაშაულა რუსულ ჰიბრიდულ ომში ჩართვაში და ის განსაკუთრებით მწვავე და გამორჩეულად კრიტიკული იყო მმართველი ძალის მიმართ, გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან კრახგანცდილი, აბსოლუტურად დეგრადირებული ლიბერალიზმის სახე აჩვენა.
„ამ ადამიანმა საერთოდ დაკარგა იმის განცდა, რას წარმოადგენს და რისთვის აირჩიეს. ეს უნდა ყოფილიყო პრეზიდენტის ანგარიში და იქ იდგა მენტორი, რომელიც მთელ ქვეყანას ასწავლიდა, როგორ უნდა იცხოვრონ, მაშინ როდესაც თვითონ არ იცის, როგორ უნდა იცხოვროს. მე მას ერთ კითხვას დავუსვამდი: გაბედავდა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის კონსტიტუციის დარღვევას? – ვერასოდეს! ის ამას ვერც კი გაიფიქრებდა. აქ გაბედა, იმიტომ, რომ ეს არ არის მისი სამშობლო. ეს არის მენშევიკური სულისკვეთებით გაზრდილი ადამიანი, რომელმაც ვერ მოიშალა მენშევიკების მსოფლმხედველობა და თვითონაც წმინდა წყლის მენშევიკია. მან აჩვენა, რომ საქართველო მის მსოფლმხედველობაში არ არის მისი სამშობლო. ეს, პირველ რიგში, იქიდან ჩანს, რომ 25 წელია, ამ ქვეყანაში ცხოვრობს და ქართული ენა ვერ ისწავლა. 25 წელიწადია, აქ ცხოვრობს და მისთვის მშობლიური ენა დარჩა ფრანგული და არა – ქართული, სამწუხაროდ“, – განაცხადა ხაინდრავამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად რეალისტურია კოალიციური მთავრობა, რაზეც სალომე ზურაბიშვილიც ხშირად საუბრობს, გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ ქართული ოპოზიცია არათუ კოალიციურ მთავრობას, კოალიციურ სუფრასაც კი ვერ მოაწყობს.
0
0