27/07/2023
21:27
საზოგადოება
საკრუიზო ლაინერმა "ასტორია გრანდემ" ბათუმის პორტი საქართველოს ჰიმნისა და პროტესტის ფონზე დატოვა. აქციები გაიმართა თბილისსა და ბათუმში.
საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა ბათუმის ნავსადგურში.
მოქალაქეები საკრუიზო გემის შემოსვლას აპროტესტებდნენ, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. საკრუიზო ხომალდი ბათუმში სოჭიდან დღეს, დილით შემოვიდა.
აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ დაირღვა ოკუპაციის კანონი. აქციაზე ისმოდა სტვენა და სხვადასხვა შეძახილი.
საკრუიზო გემის ტერიტორიას პოლიცია იცავდა. კორდონის გარღვევა აქციის მონაწილეებმა მხოლოდ ერთხელ სცადეს, როდესაც გემზე ერთ-ერთმა პირმა რუსეთის დროშა გამოფინა, თუმცა სიტუაცია მნიშვნელოვნად არ დაძაბულა.
აქციაზე იმყოფებოდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. აქცია სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოქალაქემ დააანონსა.
ხომალდის შემოსვლასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, რომელშიც ნათქვამია, რომ საკრუიზო გემის, ASTORIA GRANDE-ს შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. „გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება“, – აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.
ამ დროისთვის საკრუიზო ლაინერმა ბათუმი უკვე დატოვა.
0
0