28/03/2023
14:15
ეკონომიკა
თბილისის საკრებულოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მოქმედი პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული
თანასწორობის საბჭოს წევრის, ნინო რუხაძის ინიციატივით მოეწყო.
შეხვედრა, რომელსაც საკრებულოსთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს წევრები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა გახსნა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა და სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა ნინო რუხაძემ განაცხადა, რომ სააგენტოში მოქმედი პროგრამების მიზანი ეკონომიკური საქმიანობის განვითარებაში საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერაა.
„ვფიქრობ, ეკონომიკური განვითარება ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებში ვხედავ იმ პოტენციალს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დოვლათი უნდა შექმნას. ქვეყნის გაძლიერებით თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობა ამაღლდება, ხოლო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ“, - განაცხადა ნინო რუხაძემ.
პრეზენტაციაზე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ანი უგულავამ სააგენტოში მოქმედი პროგრამები წარადგინა და განსაკუთრებული ყურადღება მიკროგრანტების
პროგრამაზე გაამახვილა, რომლის მიზანიც სახელმწიფოს მხარდაჭერით საკუთარი ბიზნესის დაწყება-განვითარებაში მიკრო და მცირე მეწარმეების დახმარებაა.
პრეზენტაციაზე ანი უგულავამ დამსწრეებს პროგრამების პრიორიტეტულ მიმართულებებზე, პირობებსა და პროგრამებში გენდერული ბალანსის დაცვაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის
რეჟიმში გაგრძელდა.
ღონისძიებას საკრებულოსთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილი, საბჭოს წევრები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
0
0