
თბილისის საკრებულოში ორი კომისიის - განათლების და კულტურის, ასევე სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე კომისიების თავმჯდომარეები: კახა ლაბუჩიძე და გიორგი ჩაკვეტაძე უძღვებოდნენ.
სხდომაზე კომისიის წევრებმა თბილისის N220 საჯარო სკოლისთვის აფხაზეთის ომის გმირის, ამავე სკოლის კურსდამთავრებულის, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსნის, ლეიტენანტის ზურაბ ძამუნაშვილის სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელეს.
აღნიშნული თხოვნით დედაქალაქის საკრებულოს N220 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ მიმართა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ მიმართა.
"27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. სწორედ ამიტომ სიმბოლურია, რომ დღეს თბილისის 220-ე საჯარო სკოლისთვის აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ლეიტენანტის, ზურაბ ძამუნაშვილის სახელის მინიჭების თაობაზე ვმსჯელობთ. დღევანდელი სხდომა ემოციურია, რადგან მას ესწრება გმირის დედა, ქალბატონი გენრიეტა ძამუნაშვილი, გმირის შვილები და კურსელები. სკოლისთვის გმირის სახელის მინიჭება მნიშვნელოვანი ფაქტია და საამაყოა იმ თაობისთვისაც, ვისი აღზრდაც ჩვენი ვალდებულებაა", - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ
0
0