მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ცვლილებების თანახმად, რომელიც საარჩევნო კოდექსში უნდა შევიდეს, საკრებულოს მაჟორიტარების ასარჩევად საჭირო 40%-იანი ბარიერი უქმდება.
„საარჩევნო კოდექსის“ ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციის თანახმად, მაჟორიტარული წესით არჩეულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც ხმების 40%-ზე მეტს მიიღებს. თუ 40%-იან ბარიერს ვერც ერთი კანდიდატი გადალახავს, ინიშნება არჩევნების მეორე ტური.
კანონპროექტით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.
„ქართული ოცნების” წევრის, ბექა დავითულიანის თქმით, „1%-ის გამო მეორე ტურის დანიშვნა ხდებოდა საჭირო მაშინ, როცა მათი კანდიდატი კონკურენტს 20-25%0ით უსწრებდა”.
„ეს იყო სახელმწიფოსთვის ზედმეტი ხარჯი. თუ 40%-იან ზღვარს და მეორე ტურში – 50%-იანს ვერ გადალახავს „ქართული ოცნება”, მაშინ ვერც ამ საპარლამენტო არჩევნებს მოვიგებთ და რაზე ვლაპარაკობთ, რა დროს თვითმმართველობის არჩევნებია. ამიტომ ეს [შიშის] ფაქტორი საერთოდ არსებობს”. – თქვა მან.
კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.
0
0