15/11/2021
14:25
სამართალი
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, რომელსაც პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით ყოფილი პრეზიდენტი არ ესწრება, ხმაური რამდენჯერმე იყო.
საქმის პროკურორმა გიორგი მუჯირმა განაცხადა, რომ ბრალდების მხარე მოწადინებულია ყოფილი პრეზიდენტი სასამართლო პროცესებს დაესწროს.
"ჩვენ მოწადინებულები ვართ პროცესი ბრალდებულთან ერთად ჩატარდეს და კანონი ამის უფლებას იძლევა. ბრალდებულის უფლებებს უზრუნველყოფს აბსოლუტურად, თუ ის დისტანციურად ჩაერთვება, ან თუ სასამართლოს გარეთ ჩავატარებთ პროცესს (პენიტენციურში), ვინაიდან ბრალდებულის მდგომარეობა არ იზღუდება და არც ერთი უფლება - არც საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული, არც ადამიანის უფლებების არ იზღუდება ამით. ჩვენ ორივეზე მზად ვართ, თუ დაცვის მხარე რომელიმე ამ პოზიციაზე მზადყოფნას გამოხატავს",- განაცხადა მუჯირმა.
ადვოკატ ბექა ბასილიას განცხადებით, ის ფაქტი, რომ სააკაშვილი პროცესს არ დასწრებოდა, დიდი ხნით ადრე გადაწყდა.
"ბატონო ბადრი, ეს ჯერ კიდევ მაშინ გადაწყდა, როცა მინისტრმა ბრეგაძემ თქვა სააკაშვილი პროცესზე არ მივა და ადვოკატები ციხეში მივლენო. ბატონო ბადრი, უაღრესად პოლიტიკური ვარ. ეს ფარსი დაიდგა იმის ხარჯზე, რომ თქვენი მაღალი კომპეტენციის ხარჯზე წარმოაჩინონ - იცით რა, მე მოწადინებული ვარ ბრალდებულმა მიიღოს მონაწილეობა პროცესშიო“, - მიმართა ბასილაიამ მოსამართლეს.
მას მოსამართლემ საუბრის ტონი დაუწუნა და უთხრა, რომ "დაბალი ხმით ესაუბრა“.
"გიყვირით? ტონს ნუ მიკონტროლებთ“,- მიმართა ბასილაიამ მოსამართლეს, რასთან დაკავშირებითაც კოჭლამაზაშვილმა განაცხადა, რომ მას ადვოკატი უყვიროდა.
"რას ჰქვია გიყვირით, კი არ გტუქსავთ. მეჭრებით ყოველ წუთას. იცოდით ადამიანი შიმშილობს. უფრო მნიშვნელოვანი საკითხი - რაც შეეხება მის ჯანმრთელობას - მიხეილ სააკაშვილი მძიმედ არისო. წარმოგიდგინეთ თქვენ მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ამაზე? ერთი სიტყვა რატომ არ თქვით ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ცხვარაშვილი რომ წერს, ვინაა, კონსილიუმია? ერთი ციხის ექიმის პოზიციაა? თქვენ თუ ობიექტური მოსამართლე ხართ და ამ ფარსში არ მონაწილეობთ, არ გიჩნდებათ კითხვები? ბატონო მოსამართლე, ბევრი კითხვა არსებობს. თუ მიხეილ სააკაშვილი ისე მძიმედაა, რომ პროცესზე გადმოყვანა არ შეიძლება, მაშინ დისტანციურად როგორ მიიღებს მონაწილეობას? მძიმე მდგომარეობა მხოლოდ გადაადგილების პრობლემაა? თუ მძიმედ არის და ვერ გადმოჰყავთ, მაშინ პროცესში თუნდაც დისტანციურად როგორ მიიღებს მონაწილეობას? მთავარი ამოცანა არის ის, რომ ის დღეს აქ არ იყოს და ამ ამოცანას ასრულებთ თქვენ“, - მიმართა ბასილაიამ მოსამართლეს.
საქმის კიდევ ერთმა პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა მოსამართლეს მიმართა, რომ დაცვისთვის დრო განესაზღვრა, ვინაიდან ისინი ერთი და იმავეს იმეორებდნენ.
"საკონტროლო წერას მიმოწმებ აქ? მანდატური ხარ?“, - იკითხა ბასილაიამ. აღნიშნულის შემდეგ კი პროკურორმა გიორგი მუჯირმა განაცხადა, რომ ეს "უკვე შეურაცხყოფა იყო, როცა ადვოკატი პროკურორებს საკონტროლო წერის მასწავლებლებად მოიხსენიებს“.
0
0