
საკონსტიტუციო სარჩელზე მუშაობა დასრულებულია და დეტალებზე დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისაუბრებს.
სარჩელის საკითხი უმრავლესობის სხდომაზე გაფართოებულ ფორმატში განიხილეს, რომელსაც ევროპელი სოციალისტები და ხალხის ძალა ესწრებოდნენ.
მმართველი გუნდის განცხადებით, მიზანი იმ პოლიტიკური პარტიების სამართლებრივი შეფასებაა, რომლებიც პოლიტიკურ პროცესში კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს უხეშად არღვევდნენ და ქვეყნის განვითარებასა და დემოკრატიულ პროცესებს უშლიდნენ ხელს, რათა მსგავსი პოლიტიკური სუბიექტები საკონსტიტუციო სასამართლოს დონეზე იქნეს შეფასებული და აკრძალული.
ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში მხილებული პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე კვირაში შევა. დასკვნა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საფუძველზეა მიღებული. საკანონმდებლო ორგანოს მიერ შემუშავებული დოკუმენტი 472-გვერდიანია.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, კანონმდებლობის უხეშად დამრღვევ პოლიტიკურ პარტიებს, მათ სატელიტებს ან მათთან დაკავშირებულ პირებს არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალებათ. პარალელურად, ისინი ვერ დაიკავებენ თანამდებობებს და ვერ გახდებიან კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელები, ასევე, არ მიეცემათ ახალი პარტიების დაარსების უფლება.
აღსანიშნავია, რომ პარტიებისთვის, რომლებიც კანონს არ დაემორჩილებიან, სასჯელიც შესაბამისი იქნება.
0
0