
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებული განხილვა დასრულდა. მოსმენა სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
დღეს განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსმენის ბოლოს მხარეები მოსამართლეთა პლენუმის წინაშე დასკვნითი სიტყვით წარდგნენ.
არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმი გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ განაცხადა, პლენუმი გადაწყვეტილებას კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში მიიღებს, რომელიც წარედგინება საქართველოს პარლამენტს, ასევე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე.
„ადვილი არ იყო სამი დღის განმავლობაში ამ პროცესის წარმართვა, მაგრამ, როგორც იქნა, ყველა ეტაპი გავიარეთ და შესაბამისად, 1797-ე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა ამით დავასრულეთ. შესაბამისად, კონსტიტუციით დადგენილ ვადებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დასკვნა გაეგზავნება, წარედგინება საქართველოს პარლამენტს. ამით დღევანდელ სხდომას ვამთავრებთ. მთლიანად ამოწურულია როგორც თქვენი მოსმენა, ასევე ყველა ეტაპი, რომელსაც კანონმდებლობა ითვალისწინებდა და ითვალისწინებს ასეთ შემთხვევაში. მადლობა ყველას მოთმინებისთვის, მონაწილეობისთვის, განსაკუთრებით ჟურნალისტები და საზოგადოება იყო დაინტერესებული ამ პროცესის მიმდინარეობით, ეს ბუნებრივია“, – განაცხადა მერაბ ტურავამ.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პარლამენტის 80-მა წევრმა წარადგინა. კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, „საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით“.
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იყვნენ, ხოლო პარლამენტის 80 დეპუტატის ინტერესებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, ასევე დეპუტატები გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილი და თენგიზ შარმანაშვილი წარმოადგენდნენ.
0
0