06/06/2023
10:46
სამართალი
1-ელ ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა ასაკის გამო სამსახურიდან გათავისუფლება არაკონსტიტუციურად მიიჩნია. აღნიშნულის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველი ავრცელებს.
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ყველა, 60 წელს მიღწეული უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირისთვის ბლანკეტურ შეზღუდვას აწესებდა და მიუხედავად ჯანმრთელობის და ფუნქციური მონაცემებისა ათავისუფლებდა თანამდებობიდან.
საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმების კონსტიტუციურობა თანასწორობის უფლებასთან მიმართებით შეაფასა და განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული შრომითი ურთიერთობების ერთობლიობა გარკვეულწილად სახელმწიფო რესურსია, რომელზე წვდომაც თითოეულ მოქალაქეს თანაბრად უნდა გააჩნდეს.
შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი ბლანკეტური შეზღუდვა, რომელიც არ ითვალისწინებდა პირთა შეფასების საფუძველზე ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, არ იყო რაციონალურ კავშირში პენიტენციური სამსახურის ეფექტიანი და შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფის ლეგიტიმურ მიზანთან. ამგვარად, სასამართლომ განაცხადა, რომ არ არსებობდა ასაკობრივი ნიშნით დაწესებული განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
0
0