
სახელმწიფოს კუთვნილი 403 095 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, შპს "გურია ენერჯის" დირექტორი და კიდევ ერთი პირი, საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელი დააკავეს, ერთს - ასევე საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელს, ბრალი წარედგინება, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
"საქმე ეხება დიდი ოდენობით თაღლითობას, დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარებას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას. კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი 3.52 კმ სიგრძის, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების პროცესში "შპს გურია ენერჯის" 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი მ.ჟ. ტენდერის შესრულების კონტროლსა და ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის, პ.რ.-ს დახმარებით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შედგენა-გამოყენების გზით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ, 403 095 ლარს, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით სახელმწიფო ზიანი", - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ, ბრიფინგზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფოტომასალას ავრცელებს
0
0