
ბრაზილიის 70 წლის ყოფილი პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარო, სამხედრო გადატრიალების დაგეგმვაში დამნაშავედ ცნეს. უზენაესი სასამართლოს ხუთი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანიდან სულ რამდენიმე საათში ყოფილ პრეზიდენტს 27 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ ბოლსონაროს ასევე 2033 წლამდე საჯარო თანამდებობებზე კენჭისყრა აუკრძალა.
პროკურორების განცხადებით, ბოლსონარომ ასევე იცოდა, რომ იგეგმებოდა ლუის ინასიუ ლულა და სილვას, მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მკვლელობა. მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ ბოლსონარო შეთქმულების ორგანიზატორი იყო და ასევე გაასამართლეს მისი შვიდი თანამონაწილე, მათ შორის მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრები, ორი ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ყოფილი დაზვერვის უფროსი და ყოფილი უშიშროების მინისტრი.
სასამართლომ დაადგინა, რომ ბოლსონარო, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, შეთქმულებას ხელმძღვანელობდა. როგორც ცნობილია, ბოლსონარო 2022 წლის არჩევნებში მემარცხენე კონკურენტთან, ლუის ინასიუ ლულა და სილვასთან დამარცხდა.
ბოლსონაროს ადვოკატებმა განაჩენი „აბსურდულად“ შეაფასეს და განაცხადეს, რომ ისინი სასამართლოში „შესაბამის სააპელაციო საჩივრებს“ შეიტანენ. თუმცა იურიდიული ექსპერტების თქმით, ეს შეიძლება რთული აღმოჩნდეს, რადგან გასაჩივრება, როგორც წესი, მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ხუთიდან ორი მოსამართლე ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას დაუჭერს მხარს.
ბოლსონარო სასამართლო პროცესის ბოლო ფაზას პირადად არ დასწრებია.
0
0