
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ტემი ბრიუსი ადასტურებს, რომ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ლონდონში უკრაინის საკითხზე დაგეგმილ მოლაპარაკებებს არ დაესწრება.
ბრიუსმა ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკებები მაინც გაიმართება და მას უკრაინის საკითხებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, გენერალი კიტ კელოგი დაესწრება, რადგან ის უკვე ლონდონშია.
„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ლონდონში შეხვედრები მაინც გაიმართება, თუმცა მდივანი მარკო რუბიო არ დაესწრება. ეს არ ნიშნავს, რომ შეხვედრებშია რაიმე პრობლემა, უბრალოდ მის გრაფიკში ტექნიკური სირთულეები წარმოიშვა. გენერალი კელოგი უკვე ლონდონშია და ის წარმართავს ამ საუბრებს. ველოდებით მისგან ინფორმაციას იმის შესახებ, რამდენად წარმატებული იქნება ეს შეხვედრები“, – აღნიშნა ტემი ბრიუსმა.
მოლაპარაკებები ლონდონში დღეს, 23 აპრილს გაიმართება, სადაც ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნაბიჯებს განიხილავენ.
„ფაინენშელ თაიმსი“ წერს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა „უარი თქვეს ლონდონის შეხვედრაში მონაწილეობაზე“.
0
0