
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა იმ ყალბ ნარატივებზე, რომლებსაც, სახელმწიფოს მიმართ უნდობლობის გაჩენის მიზნით, ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიურად ახვევდნენ თავს საზოგადოებას.
„არასამთავრობო ორგანიზაცია „მთის ამბებმა“ 4 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს სტიქიის ამგვარი შედეგის მიზეზი იყო ის, რომ ბოლო პერიოდში მოხდა მდინარე ბუბისწყლის კალაპოტის შეცვლა, ახალმა კალაპოტმა ქვაღორღის მასა ვერ გაატარა და ის ამიტომ გადავიდა დანარჩენ ტერიტორიაზე. სინამდვილეში, ძველი კალაპოტი ჯერ კიდევ 1960-იან წლებში არის შეცვლილი და მას შემდეგ ის სწორედ არსებულ კალაპოტში მოედინება და რაიმე სხვა ცვლილება კალაპოტზე არ მომხდარა. ამაზეც განმარტება გააკეთა გარემოს დაცვის სააგენტომ და აქაც საჯაროდ მივმართეთ არასამთავრობო ორგანიზაციას „მთის ამბებს“, რომ უარეყო აღნიშნული ცრუ ინფორმაცია. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, დღემდე რამე რეაგირება არ ყოფილა და ეს ყალბი ნარატივი სტიქიიდან რამდენიმე დღე შენარჩუნებული იყო“, - აცხადებს პაპუაშვილი.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 20 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, 13 დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ.
0
0