
ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის განცხადებით, გრიგოლ ლილუაშვილს ოქტომბერში თანამდებობაზე ყოფნის ვადა ეწურებოდა, რაც გარკვეულწილად საკადრო ცვლილების გადაწყვეტილების მოტივატორი იყო, რათა გარდამავალი პერიოდი მაქსიმალურად უმტკივნეულო ყოფილიყო.
როგორც დავითაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, გრიგოლ ლილუაშვილი ამ წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, თუმცა საჯარო სამსახურში ცვლილებები ხდება მუდმივად და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.
"ბატონი გრიგოლი ამ წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ის ძალიან გამორჩეული და ღირსეული ადამიანია. ამავდროულად, ის არის პროფესიონალი. მისი დამსახურება დიდ წილად არის ის, რომ ჩვენ ამ რთულ, გამოწვევებით სავსე პერიოდში შევინარჩუნეთ სტაბილურობა. მათ შორის, უსაფრთხოების კუთხით ჩვენ არ გვქონია განსაკუთრებული პრობლემები და საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა იყო, მათ შორის, ტერორიზმთან ბრძოლის კუთხითაც, რაც არაერთ საერთაშორისო ანგარიშშია ასახული.
ზოგადად, საჯარო სამსახური ასეთია, ცვლილებები ხდება მუდმივად. თითოეული ჩვენგანი ვართ ჯარისკაცები და ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში რა თქმა უნდა საჭიროა განახლება. ეს განახლებაც ბუნებრივი პროცესია, გარკვეული ცვლილებები არის ყოველთვის იმისთვის, რომ პროცესი უკეთესად გაგრძელდეს. ამ შემთხვევაშიც, განახლებას, ვფიქრობ, რომ თავისი საფუძველი აქვს. რადგანაც ოქტომბერში ვადა გასდიოდა არსებულ ხელმძღვანელს, გარკვეულწილად, ეს იყო გადაწყვეტილების მოტივატორი, რომ ახალი ხელმძღვანელი დაინიშნოს და გარდამავალი პერიოდი იყოს მაქსიმალურად უმტკივნეულო. შესაბამისად, ეს გადაცემის პროცესი შესრულდეს ისე, რომ სამსახურის ინტერესები არ დაზიანდეს. პირიქით, როგორც ბატონმა ანრიმ თქვა, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს სისტემა კიდევ უფრო გაძლიერდეს ინსტიტუციურად. ბოლო წლები განმავლობაში ვხედავთ, რომ ასეც ხდება. მუდმივი გაუმჯობესება გვაქვს, ეს არის სამსახური, რომელსაც შეიძლება დაეყრდნონ ჩვენი მოქალაქეები, რადგან მას ჩვენი უსაფრთხოება აბარია და აქედან გამომდინარე, ეს გაუმჯობესება მთლიანად ქვეყნის და თითოეული მოქალაქის ინტერესშია. ბატონი ანრიც არის გამორჩეული პროფესიონალი და შესაბამისად, მე დიდ იმედი მაქვს, რომ წარმატებით გააგრძელებს მუშაობას ახალ პოზიციაზე", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
0
0