
იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ კონსტიტუცია დაირღვა, საინტერესოა ამ სამართლებრივ განაჩენს როგორ მოეპყრობა თავად პრეზიდენტი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ამ პროცესში ჩემთვის გადამწყვეტია საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა და არა ის, პარლამენტი პოლიტიკურად მოახერხებს თუ არა იმპიჩმენტის განხორციელებას. თუკი სასამართლო იტყვის, რომ ეს იყო კონსტიტუციის დარღვევა, მაშინ დადასტურდება, რომ პრეზიდენტი განზრახ და უხეშად არღვევდა კონსტიტუციას.
ჩემი რჩევა იქნება, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუციაა დაარღვია, მან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღიაროს და საჯაროდ განაცხადოს, რომ ის აღარ დაარღვევს ამ წესს და მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში გაემგზავრება ვიზიტებზე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ წარდგინების განხილვა დაასრულა. პლენუმის დასკვნა პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში გადაეგზავნება, ასევე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე.
სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა.
0
0