
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ საინტერესო რამ შეიტყო“, რაც მალე საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ესაუბრა თუ არა ბოლო კვირის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ტრამპმა უპასუხა:
„საინტერესო რამ გავიგე. ვფიქრობ, ამას უახლოეს დღეებშიც ყველა გაიგებს. ჩვენი შეხვედრა ალასკაში ძალიან კარგი იყო. ვნახოთ, რა მოხდება. თუ პროგრესული არაფერი მოხდება, სხვა პოზიციას დავიკავებთ“, - დასძინა ტრამპმა.
ამავდროულად, დონალდ ტრამპმა ამერიკელ ჟურნალისტ სკოტ ჯენინგსთან სატელეფონო ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა რუსეთის ლიდერთან და ახლა ის „ძალიან იმედგაცრუებულია“.
„მე მსურს, რომ გავაგრძელო მონაწილეობა უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში. თუ მე შემიძლია ომის შეჩერება, მაშინ ვფიქრობ, რომ ვალდებული ვარ, ეს გავაკეთო. იმედი გამიცრუვდა, რადგან კონფლიქტი და ხოცვა-ჟლეტა გრძელდება. საქმე მხოლოდ უკრაინას კი არ ეხება, არამედ - ადამიანებისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას“, - თქვა ტრამპმა.
0
0