
საიდუმლო დოკუმენტების შენახვის საქმეზე, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინტერესებს მისი პირადი ადვოკატი ბობ ბაუერი დაიცავს. ბაუერი ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს, თეთრი სახლის ადმინისტრაციაში მრჩევლად მუშაობდა.
10 იანვარს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროინდელი საიდუმლო დოკუმენტების შესწავლა დაიწყო, რომელიც გასული წლის ნოემბრამდე ანალიტიკურ ცენტრ Penn Biden Center-ში ინახებოდა.
ანალიტიკური ცენტრი თეთრი სახლის სიახლოვეს მდებარეობს. ჯო ბაიდენს აღნიშნულ ცენტრში ოფისი 2017-2020 წლებში ჰქონდა.
11 იანვარს, ბაიდენმა განაცხადა, რომ მის ყოფილ ოფისში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენით გაკვირვებულია და გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.
დოკუმენტები 2009-2017 წლების პერიოდს ეხება, როდესაც ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი იყო. აღმოჩენილ საბუთებს შორის ობამა-ბაიდენის ადმინისტრაციის დროინდელი ჩანაწერების საიდუმლო დოკუმენტებია.
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა სპეციალური პროკურორი დანიშნა, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის შესაძლო დარღვევის ფაქტის გამოძიებას გაუძღვება.
0
0